ახალი ამბები

აშშ–ის კონგრესი რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

5 დეკემბერი, 2014 •
აშშ–ის კონგრესი რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

კონგრესის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მეზობელი ქვეყნების მიმართ, რაც მიზნად პოლიტიკურ და ეკონომიკურ დომინირებას ისახავს. 

 

კონგრესი რეზოლუციაში მხარდაჭერას უცხადებს პეტრო პოროშენკოსა და უკრაინელ ხალხს, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. 

 

რეზოლუციის მიხედვით, ამისთვის საჭიროა, რომ რუსეთმა სრულად გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; განაიარაღოს უკრაინის ტეროტორიაზე არსებული სეპარატისტები და შეიარაღებული ფორმირებები; შეამციროს საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება; ასევე დაასრულოს ჩარევა უკრაინის საგარეო პოლიტიკაში.

 

რეზოლუციის მიხედვით, კონგრესი ადასტურებს, რომ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ყველა სხვა ქვეყანას აქვს უფლება, რომ განახორციელოს საკუთარი სუვერენული უფლებები მის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

 

“უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მილიტარული ინტერვენცია არღვევს გაერთიანებული ერების ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს უსაფრთხოების გარენტიების შესახებ, ასევე, უქმნის საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობას,”– ნათქვამია რეზოლუციაში. 

გარდა ამისა, კონგრესი მოუწოდებს ბარაკ ობამას, რომ გაერთიანდეს მოკავშირეებთან, რუსეთის ფედერაციისა და მის ლიდერებისთვის სანქციების დასაწესებლად, რათა აიძულონ, რომ დაასრულოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

აშშ-ს კონგრესი
აშშ-ს კონგრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი