სხვადაასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს, 4 დეკემბერს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართეს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები – შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია, განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რომლებმაც ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრეს.
ლევან იზორიას განცხადებით, მთავრობის სტრატეგია ოჯახში ძალადობის კუთხით საჯარო განხილვას ექვემდებარება და რელიგიების წარმომადგენლებს სთხოვა გაეცნონ მას და 15 დეკემბრამდე შენიშვნები და წინადადებები მიაწოდონ, – “რომ თქვენი აქტიური ჩართულობით შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თავისი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ბოლო დროს ქალთა მიერ მამაკაცთა მკვლელობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა და დეპუტატის თქმით, ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ ძირითადად, გენდერული ნიშნით საქართველოში არ კლავენ.
“ჩვენ ორი მამაკაცი დაგვეღუპა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, როდესაც ქალებმა დაიწყეს მამაკაცების დახოცვა. მივიღეთ სიტუაცია, რომ გენდერული ნიშანი დიდწილად იშლება და წინა პლანზე გამოდის ძალადობის ნიშანი. ეს არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების პრობლემა, ეს გახლავთ თანამედროვე საზოგადოების პრობლემა,”- განაცხადა ქუცნაშვილმა.
სასულიერო პირებისადმი მიმართვაში, ქუცნაშვილი ამბობს, რომ მართალია, სასულიერო პირებს არ აქვთ აღსარების გათქმის უფლება, თუმცა, მათ შეუძლიათ ამ მხრივ, მრევლი დაარიგონ და სწორი რჩევები მისცენ.
“სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, რელიგიურ ორგანიზაციებს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლიათ,”- ამბობს დეპუტატი.
“ბოლო პერიოდში, საქართველოში გამოვლენილმა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფოს, კერძოდ -შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ მსხვილმასშტაბიან სოციალურ კამპანიას გამოეხმაურა ფართო საზოგადოებრიობა. ვინაიდან, სულიერებას და რწმენას, ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები მოცემული პრობლემის დასაძლევად,”- ნათქვამია დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
საპატრიარქოს წარმომადგენლის რელიგიათაშორის ურთიერთობების საკითხებში, თეა გოგოტიშვილის განცხდებით, პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეო რგოლი, სადაც “ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები მიმართავენ თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე.”
მისივე განმარტებით, კონფერენცია – „რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“ ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას „ არა ძალადობას!“
2014 წელს, იანვრიდან დღემდე საქართველოში 25 ქალი მოკლეს.





