“დღესდღეობით, მე თავს ყველაზე კომფორტულად კერძო სექტორში ვგრძნობ. ლიბერთი ბანკი განვითარების ახალ, საინტერესო ფაზაში გადადის, აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ნებისმიერი ახალი full-time პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც არ უნდა ყოფილიყო ის, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია. ამავდროულად, არასდროს დამზარებია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გამეწია კონსულტაციები ან რჩევები მიმეცა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობდი იდეოლოგიურ სიახლოვეს და ადგილი ქონდა ძირითადი ღირებულებების თანხვედრას – ბიზნესში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩაურევლობას, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებსა და რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს. ბუნებრივია, მით უმეტეს, არ დავიზარებ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას – თუკი იქნება ამის საჭიროება და თუკი ეს ბევრ დროს არ წაიღებს”,- წერს გურგენიძე.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის საქმიანობაშიც შესაძლოა მონაწილეობა საქართველოს ექსპრემიერმა და “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძემ მიიღოს.
ლადო გურგენიძეს “ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
„ლიბერთი ბანკის“ აქციათა 91,218 პროცენტს გურგენიძესთან ერთად რუმინული კომპანია “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დინუ პატრიჩიუ ფლობდა, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა და ბანკის სამეთვალყურე საბჭოში ცვლილებები განხორციელდება.
