ახალი ამბები

ივანიშვილი: ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები შესაძლო მოსმენების გამო არ შფოთავდნენ

4 დეკემბერი, 2014 •
ივანიშვილი: ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები შესაძლო მოსმენების გამო არ შფოთავდნენ

“ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები არ შფოთავდნენ, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ, საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვართ უარესების რიცხვში. შეძლეს ის, რაც შეძლეს, და ეს იყო დემოკრატიულობის ტრიუმფი, რაც ხდებოდა პარლამენტში. ყველა პარტიამ, მოქალაქემ, შიგნით თუ გარეთ, მოახერხა უნარების ჩვენება. საბოლოო ვერც ერთი კანონი ვერ იქნება, მომავალში კიდევ გვაქვს დრო, უფრო დაბალანსებული კანონი მივიღოთ. ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შსს ფლობს გასაღებს, მათ რიცხვში გადის საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, თუ გნებავთ, ისრაელი და ამერიკა”,- ამბობს ივანიშვილი.

 

ყოფილმა პრემიერმა ხუმრობით ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვებს სხვა პლუსებიც ჰქონდა, მაგალითად ის, რომ პრეზიდენტმა და “რესპუბლიკელებმა” მოკლე დროში წარმოადგინეს ახალი ვარიანტები:

 

“ნახევრად იუმორით გეტყვით, რომ ამ კანონპროექტის განხილვას ჰქონდა დიდი პოზიტივი, რესპუბლიკელებმა და პრეზიდენტმა მოახერხეს და ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტები წარმოადგინეს. რაც გვქონდა ჩავარდნა ექსპორტთან დაკავშირებით, ზოგადად ჩვენი ახალი ხელისუფლება, როცა მოვიდა ორი წლის განმავლბაში, საექსპორტო პოტენციალი საქართველოს გაიზარდა. ყველა მიმართულებით პრაქტიკულად ექსპორტი გაიზარდა. რეფორმების ექსპორტი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ პრაქტიკულად გაჩერებული იყო საქართველოში, რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით და “ნაციონალები” გვარწმუნებდნენ, რომ ამაზე ცხოვრობდა საქართველო ლამის. დღეს რესპუბლიკელებისა და პრეზიდენტის აქტიურობით ჩვენ შეგვიძლია ესეც ავინაზღაუროთ. იუმორი გაიგეთ ალბათ”- ამბობს ის.

 

მოსმენებთან დაკავშირებული კანონის რამდენიმე ვერსია არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის თანახმად, ე.წ. გასაღები მობილურ კომპანიებს და სასამართლოს უნდა ჰქონოდათ, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის თანახმად კი, შსს-ს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტის თანახმად- კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მიიღო, რომელსაც მხარს მთავრობაც უჭერდა. პრეზიდენტმა მიღებულ კანონს ვეტო დაადო და ახალი შენიშვნები წარადგინა, რომლის მიხედვითაც გასაღები შსს-ში რჩებოდა, თუმცა ამ გასაღებს ასევე ფლობდა სასამართლო. საბოლოოდ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი