პროკურატურა პრეზიდენტის მიერ პროკურორების დაჯილდოებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გენერალური პროკურორის წარდგინებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით  2018-2019 წლებში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 4 პროკურორი დააჯილდოვა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ეს განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კეთდება. საქმე ის არის, რომ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულების საქმის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე და ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოეს. ასევე, ღირსების ორდენები გადაეცათ გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს და რევაზ ბაღაშვილს.

პოკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო აღლემაშვილი საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობაზე, ასევე, უშუალოდ მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვისას.

განცხადებაში აღნიშნულია ნინო აღლემაშვილის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად მხარდაჭერა ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე, რომელსაც ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის გამო ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოიტანეს გამამტყუნებელი ვერდიქტი.

“აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ პროცესს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება ცალკეული ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი გოგაძის საქმიანობა და განსაკუთრებული ძალისხმევა, პროკურატურის შეფასებით, აღსანიშნავია საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. 2018 წლის სექტემბერში გიორგი გოგაძე აირჩიეს და დაამტკიცეს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ რევაზ ბაღაშვილის ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად განხორციელდა არაერთი აქტივობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ფრიდონ ქარცივაძის შემთხვევაში კი ხაზს უსვამს 2018 – 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენს, მათ შორის  ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივ დევნას.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების საქმის პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.