“უნდა დადგეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების- როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე ეკონომიკის მინისტრის- პასუხისმგებლობის საკითხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო ჯერ კიდევ შარშან, რადგან პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში გაირღვა ბიუჯეტი და ახლა მაინცაა ეს გადაწყვეტილება მისაღები”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში ქვეყანამ სავალუტო რეზერვები უნდა დახარჯოს იმისათვის, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია შემცირდეს და მთავრობამ წლის ბოლომდე მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ხარჯები და მხოლოდ სოციალური ხარჯები და ხელფასები უნდა გაიცეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს, 17:00 საათზე დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან 1.8616 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან 2.2950 ნიშნულზეა. კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 1.92 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.