“ევროპული საქართველოს” 4 შენიშვნა სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის შესახებ

“ევროპულ საქართველოს” სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 4 პრინციპული შენიშვნა აქვს. კერძოდ, “ევროპული საქართველოს” კრიტიკის საფუძველია, რომ:

  1. მოსამართლეთა არჩევისას კანდიდატისთვის მინიჭებული ქულა კვლავ არ საბუთდება და გაურკვეველი რჩება საბჭოს წევრის მოტივაცია შეფასების პროცესში;
  2. მოსამართლეებს არ ეძლევათ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება. ეს ბერკეტი კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აღნიშნულს იყენებს სისტემის გასაკონტროლებლად;
  3. მცირდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ვადა 5-დან 3 წლამდე, რაც საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულ შემადგენლობას, მისი უფლებამოსილების ვადაში (4 წელი) დაუსჯელობის გარანტია მისცეს უკანონოდ მოქმედ მოსამართლეს;
  4. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება იუსტიციის სკოლაში გადატანის ნაცვლად, კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა თემატური შეუსაბამობისა, სწორედ საბჭოა პასუხისმგებელი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების გაჟონვაზე, რისთვისაც პროკურატურაში დღემდე უშედეგო გამოძიება მიმდინარეობს.

“ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტზე არ არის მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსი, რადგან სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ევროპული საქართველო”, ვეწინააღმდეგებოდით ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე პროექტის დამტკიცებას. პაკეტთან ასევე შენიშვნები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  10 ივნისს წარადგინა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობა ძირითადად წარიმართა სამი მიმართულებით: დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტში ყველა საკითხი საერთო შეთანხმების საფუძველზე ჩაიწერა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის დელეგაციამ გუშინ, 13 ივნისს, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც “საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას” უფუძნება.

ამავე თემაზე:

რას ნიშნავს და რამდენად ეფექტური იქნება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.