კარასინი: ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რადიო “თავისუფლებას” ინტერვიუ მისცა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

“ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება… და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს კარასინი.

ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება არ უხსენებია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერპექტივაზე ისაუბრა.

“ საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობთ, 32-მა მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში, 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი იქ ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა   ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც”, -აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი