ახალი ამბები

რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

3 დეკემბერი, 2014 • • 1405
რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

გაფიცვის შეწყვეტის შესახებ რკინიგზის ადმინიტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ, გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა და რკინიგზელთა ახალი პროკავშირის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განაცხადეს.

 

შეთანხმების მიხედვით, რომელიც კოკა გუნცაძის თქმით, ორმხრივი კონსენსუსის შედეგად მიიღწა, გათვალისწინებულია 2014 წლის ბოლოს ხელფასის 50% ოდენობის საახალწლო პრემია. გაფიცული რკინიგზელები თავდაპირველად ხელფასის 100%-ის ოდენობის პრემიას ითხოვდნენ.

გაფიცულების კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ გაფიცული დღეები აუნაზღაურდეთ, ასევე შეუსრულებელი დარჩა. კოკა გუნცაძის თქმით, ამ საკითხზე ვერ შეთახმდნენ. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული არაა დასაქმებულებს გაფიცული დღეები აუნაზღაუროს.

 

შეთანხმების ტექსტის მეორე პუნქტში ხაზგასმულია, რომ 2015 წელს ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლა არ გამოიწვევს რკინიგზის იმ თანამშრომლების ხელფასის კლებას, რომელსაც აქვს 1250 ან ნაკლები ოდენობის ხელფასი.

ახალი სახელფასოს სისტემა, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდება, გულისხმობს კლასებისა და თანრიგის მიხედვით გაცემას. შეთანხმების მიხედვით, მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მე-3, მე-2 და პირველი კლასის დანამატი 5%, 10% და 15%-ის ოდენობით.

 

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 2015 წლის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა ახალი საპრემიო სისტემა შევა, რომლის მიხედვითაც, კვარტალში ერთხელ მიიღებენ სამი თვეში დარიცხული ხელფასის 30%-ს.

 

რაც შეეხება ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, რკინიგზის ადმინისტრაციაცა და თანამშრომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. რკინიგზელებმა ბუნდოვანების მოტივით გაასაჩივრეს შრომის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ეხება ზეგანაკვეთური სამუშაო საათების  ტარიფის დაწესებას.

 

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ მზადაა 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ზეგანაკვეთური სამუშაო საათები ყველა თანამშრომლეს აუნაზღაუროს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას, ასევე გაფიცვამდე, გაფიცვის დროს და გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაციის მხიდან თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს.

რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს
რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი