ახალი ამბები

ტოივო კლაარი EUMM-ს ტოვებს, მის მოვალეობას კი დროებით რაიან გრისტი შეასრულებს

3 დეკემბერი, 2014 •
ტოივო კლაარი EUMM-ს ტოვებს, მის მოვალეობას კი დროებით რაიან გრისტი შეასრულებს

ტოივო კლაარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც გამართა. იგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ კლაარი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. 


ტოივო კლაარი
ტოივო კლაარი


EUMM-ის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ კლაარი პოსტს ვადაზე ადრე არ ტოვებს. როგორც მისიაში ამბობენ, მას ხელშეკურლება დეკემბრის შუა რიცხვებში უმთავრდება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის გაგრძელებაზე უარი თქვას. კლაარმა ამ პოსტზე დაახლოებით ერთი წელი იმუშავა, მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი ანდჟეი ტიშკევიჩი 2 წლის განმავლობაში (2011 წლის ივლისი – 2013 წლის ივნისი) იყო, ხოლო ჰანს იორგ ჰაბერი (2008 წლის ოქტომბერი – 2011 წლის აპრილი ) – 2 წელზე მეტი.


“არ ვიტყოდით, რომ კლაარი დროზე ადრე მიდის. მისიის ხელმძღვანელი იცვლება ხოლმე როტაციის პრინციპით. მისიის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ როცა ხელშეკრულება დაუმთავრდება, მანდატი აღარ გააგრძელოს ოჯახთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზის გამო. ოჯახი ბრიუსელში ჰყავს, შვილები იქ ცხოვრობენ და კარიერის იქ გაგრძელება უნდა. ანუ ეს საკითხი რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით არ უნდა გავაგრძელოთ. უშუალოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა”, – გვითხრეს მისიის პრესსამსახურში და დასძინეს, რომ უცნობია ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლის თარიღი, რადგან ევროკავშირი შესაბამის კანდიდატურას არჩევს.


როგორც ნეტგაზეთს მისიში განუმარტეს, მანამ, სანამ მისია ხელმძღვანელის გარეშე იქნება, მის მოვალეობებს კლაარის მოადგილე რაინ გრისტი შეასრულებს. მისიაში აღნიშნავენ, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა და იმ შემთხვევაშიც, როცა ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფება მოვალეობებს მოადგილე ავტომატურად ასრულებს.


 2008 წლის ომის დროს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, სკანდალური განცხადებებითა და ქმედებებით ცნობილი რაინ გრისტის თბილისში ახალ თანამდებობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატით დაბრუნებას საზოგადოების ნაწილი მიმდინარე წლის თებერვალში აპროტესტებდა. რაიან გრისტის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი