ახალი ამბები

წულუკიანი: საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ

3 დეკემბერი, 2014 • • 869
წულუკიანი: საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ

„დღეს ჩვენ ცალი ხელით ვცდილობთ გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და ტანკებს, რომლებიც დედაქალაქიდან 20 კილომეტრში დგანან და მეორე ხელით ავაშენოთ ევროპული ქვეყანა. ეს არ არის რომელიმე მინისტრის ან, გნებავთ, მთავრობის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის მიერ დიდი ხნის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელსაც ვერ ცერთი ხელისუფლება ვერ გადაუხვევს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუკი საქართველოს ევროპა უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული საზღვარი გადმოიწევს საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე, რაც უფრო დაცულ შუაგულ ევროპას გულისხმობს. ამით არა მხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს ევროპასთან უვიზო მიმოსვლით, არამედ თავად ევროპაც. ამისთვის კი საქართველომ საიმიგრაციო და საზღვრის მართვის ევროპული ტიპის დაცვის სტანდარტი დაამკვიდრა და გაამყარა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით.  


ბუნდესტაგში შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების მიმოხილვას. 


„ძლიერი ინსტიტუტები, რომელთაც საქართველოში ვაშენებთ, რეგიონის უსაფრთხოებისთვის უალტერნატივოა. ჩვენ აგრესიის წინააღმდეგ არანაირი სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ახორციელებს აფხაზეთის ანექსიას. ჩვენ გვჭირდება თქვენი ძლიერი მხარდაჭერა იმისათვის, რომ რუსეთის ეს ქმედებები ცივილიზებულმა სამყარომ მკაცრად გააკრიტიკოს. მადლობლები ვართ ქალბატონი მერკელის, რომელმაც დაგმო რუსეთის ეს ნაბიჯი და მოხარულები ვიქნებით, თუკი ბუნდესტაგიც იგივეს გააკეთებს. იცოდეთ, რომ თქვენი თითოეული ასეთი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ“ , − განაცხადა თეა წულუკიანმა. 


იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბუნდესტაგის წევრებმა აღნიშნეს, რომ გერმანია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ისევე, როგორც არ აპირებს ყირიმის აღიარებას, უფრო ადრე კი არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 

 

იუსტიციის მინისტრისა და სამინისტორს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ“-ის პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი