პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ ნატურალიზაციის გზით მინისტრების დანიშვნა “საკმაოდ საინტერესო და რისკიანი ექსპერიმენტია”, თუმცა უკრაინას მხოლოდ წარმატებას უსურვებს.
“მაინცდამაინც გავრცელებული პრაქტიკა უცხო ქვეყნებიდან მინისტრების მოწვევის არ არის მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი გზა და საშუალება. ჩვენ, ქართველები ძალიან ხშირად მივმართავთ ხერხს, ძალინ ბევრი უცხოელი კონსულტანტი ყოფილა საქართველოში და დღესაც არიან, ეს არის საკონსულტაციო დონის შეხვდრები. ასეთი ნატურალიზაციის გზით მინისტრების გამოძებნა, ცოტა არ იყოს, უჩვეულო ხერხია. მე ვიცი, ნატურალიზაციის გზით როდესაც კალათბურთის ეროვნულ გუნდში მოიწვევ ადამიანს და მოქალაქეობას მიანიჭებ. რაც შეეხება ქვეყნის მართვას, გარდა კომპეტენციისა და უნარჩვენებისა, ამას ჭირდება მოქალაქეების მხრიდან დამოკიდებულებაც”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.