ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ბანკების წარმომადგენლებმა დატოვეს

13 ივნისი, 2019 • 1495
საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ბანკების წარმომადგენლებმა დატოვეს

საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო 4 კომერციული ბანკის წარმომადგენლმა დატოვა. მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილებით, სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო 4 ბანკის წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დატოვა, საბჭოში ის შეცვალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ცვლილებამდე სამეთვალყურეო საბჭოში ლიბერთის, თიბისის, საქართველოსა და კორ სტანდარტ ბანკის წარმომადგენლები შედიოდნენ.

მთავრობის დადგენილებით, სს საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
  • ფინანსთა მინისტრი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
  • საბჭოს მიერ დადგენილი წესით კერძო სექტორიდან მოწვეული არაუმეტეს 4 პირი.  საბჭოს ისევ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

დადგენილებით, სამი თვის ვადაში ფონდმა საბჭოს უნდა გააცნოს კერძო სექტორის წარმომადგენელთა შერჩევის პროცედურები.

“სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის ახალი წარმომადგენლების შეყვანამდე, კერძო სექტორის წარმომადგენელთა მოქმედ შემადგენლობას შეუწყდეს უფლებამოსილება ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე”.

ნეტგაზეთს საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პროცესის მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობისთვის საბჭოში ბიზნეს გაერთიანებიბების/ასოციაციის წარმომადგენლები შევლენ.

სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.  ამავე დროს, საბჭო ახორციელებს  დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგისაც.

27 მაისს,  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“სამეთვალყურეო საბჭო 2010 წლის დადგენილების საფუძველზეა დაკომპლექტებული და მას შემდეგ ეს სტურქტურა არ შეცვლილა. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, ეს იქნება ფინანსებთან, სტრატეგიასთან თუ სხვა საკითხთან დაკავშირებული, მაგალითად, დავაფინანსოთ თუ არა ეს პროექტი და რა თანხით, საბჭოს სხდომაზე განიხილება. ვფიქრობ, არ შეიძლება ასეთ ბორდში კომერციული ბანკის წარმომადგენლები იყვნენ, რადგან თითქმის ყველა პროექტზე ჩვენთან თანამონაწილე ბანკია და ბიზნესპროექტები, რომელიც კომერციული საიდუმლოებაა, ეს არასწორია… დღესდღეობით ეს ბორდი არსებობს, თუმცა  კარგია, რომ დღევანდელ მთავრობაში არსებობს იმის განწყობა, რომ ეს ვითარება შეიცვალოს”,-განაცხადა საგანელიძემ.

ამის შემდეგ, 31 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ “ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს”.

“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ და ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ის მოდელი შეიცვლება, მათ შორის, თქვენთან კონსულტაციის შედეგად”, – ამბობს ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი