ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს

13 ივნისი, 2019 • 1085
ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს

ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს, რადგან მთავარ საკითხად იქ არ განიხილებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება.

დღესვე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, არ შეიძლება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები შედარებით პატარა პოლიტიკური საკითხების მძევალი გახდეს და იყოს მათი მოწყალების იმედზე:

ახლა ამას ვხედავთ ჩვენ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება. ეს სისტემა გულისხმობს უფრო ადეკვატურად მანდატების განაწილებას, ხალხის ნების პროპორციულად. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ სამუშაო ჯგუფის და ზოგადად სამუშაო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაიწყოს სერიოზული დისკუსია იმაზე, თუ როგორ გადავიდეთ დღეს არსებული მანკიერი საარჩევნო სისტემიდან უფრო ადეკვატურ და უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს ეს საკითხი დავაყენეთ და ველოდებით, რომ ამ საკითხზე გვექნება საბოლოო ჩამოყალიბებული პასუხი უმრავლესობის მხრიდან. ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება, არის შედარებით მეორეხარისხოვანი, მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მაგრამ არც კი შეედრება ამ საკითხის მნიშვნელობას, რადგან ეს არის ყველაზე მთავარი თემა”.

სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება არის გაცილებით მნიშვნელოვანი:

ამიტომ მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბარი ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ მიგვაჩნია უპრიანად, მაშინ როცა მთავარი თემა არის მიუხედავი და ამაზე დისკუსია არ მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა დავტოვეთ”.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმავე მიზეზით დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამაც. ჟურნალისტებს ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება აზრს კარგავს:

თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ჯიუტად, რომ თავი აარიდოს ამ ფუნდამენტური საკითხის განხილვას, რომელზეც თანხმდება აბსოლუტურად ყველა, ქართული ოცნების გარდა, რომ – დიახ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ შესაძლოა ამ ფორტმაში მონაწილეობის მიღებამ დაკარგოს აზრი”.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სანამ დატოვებდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, კიდევ ერთხელ შესთავაზა ხელისუფლებას, რომ დაეტოვებინათ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხი.

ყველა თანხმდება, რომ ეს არის ფუნდამენტურად განსახორციელებელი რეფორმა. თუ სურს ხელისუფლებას, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები მიიღონ და იმსჯელონ ამ სამუშაო ჯგუფში, ბუნებრივია, ჩვენი ოპოზიციური ორგანიზაცია და, ეჭვი მაქვს, სხვა პარტიებიც ვერ დაინახავენ აზრს, რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, მიიტაცოს ამომრჩეველთა ხმები იმისთვის, რომ 73 მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილმა დასვას პარლამენტში, ბუნებრივია, დანარჩენი ყველა ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ფუნდამენტურს – ეს არის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო შესაძლებლობა ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის”, – ამბობს ენმ-ის დეპუტატი.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შეთავაზება პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღებაზე ღიად დატოვეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მისცეს შანსი, რომ განიხილოს ეს საკითხი.

ამავე თემაზე:

ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი