ახალი ამბებირეკლამა

გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის სასიკეთოა დიღმის ტყე-პარკთან ორანჟერეის მოწყობა

13 ივნისი, 2019 • 1583
გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის სასიკეთოა დიღმის ტყე-პარკთან ორანჟერეის მოწყობა

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პოზიტიურად აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება.

“რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ყველანაირად მხარს ვუჭერ ამ პროექტს. ეს ორანჟერეა ისევ ქალაქს გამოადგება და ვფიქრობ, ავტორები საუკეთესო საქმეს აკეთებენ.” – აღნიშნავს არქიტექტორი.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე “კია მოტორსის” ავტოსალონი, რომელიც, დანიშნულებიდან გამომდინარე, გარემოს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს და მოსახლეობას ტერიტორიით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს, მრავალფუნქციური, საგამოფენო ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება.

პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას არ გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება. საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას. პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება. პროექტის ავტორების თქმით მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი