რა არის საჭირო თბილისის ეკონომიკის გასავითარებლად — ანგარიში და რეკომენდაციები

ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილების გამარტივება და ავტობუსების ქსელის ოპტიმიზაცია, „ქალაქის ბრენდის“ შემუშავება, ძველი თბილისის გარდა, დედაქალაქის სხვა ნაწილების ათვისება, — ეს ნაწილია რეკომენდაციებისა, რასაც თბილისის მერიას ურჩევს ახალი ანგარიში.

ანგარიში, სათაურად „თბილისის ინვესტირების პოტენციალის სექტორული კვლევა“, რომელიც კომპანია „დელოიტმა“ ჩაატარა, თბილისის მერიამ 11 ივნისს გამოაქვეყნა.

რა (არ) არის ანგარიშის მიზანი

ანგარიშის მიზნად განსაზღვრულია, რომ ავტორებმა მერიას მიაწოდონ „მაღალი დონის ინფორმაცია, რათა დაეხმაროს თბილისის ეკონომიკის წინასწარ განსაზღვრული სექტორების განვითარების პერსპექტივის შეფასებაში“. დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ კვლევა იმისთვის არ ტარდება, რომ მასზე დაყრდნობით ვინმემ ქალაქში ინვესტიცია განახორციელოს;

თბილისის მერი კახი კალაძე კვლევის პრეზენტაციაზე. 11.06.2019. ფოტო: თბილისის მერია

ავტორების თანახმადვე, ანგარიშის მიგნებები ემყარება საჯაროდ ხელმისაწვდომ, ასევე, იმ ინფორმაციას, რაც დამკვეთმა, ანუ მერიამ, მიაწოდა მათ. „დელოიტი“ ასევე აღნიშნავს, რომ ანგარიში ისეთ გარემოშია მომზადებული, რომელიც შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.

შესასწავლი სექტორების სიაც თბილისის მერიამ მიაწოდა „დელოიტს“. ეს სექტორებია:

  • სტუმართმოყვარეობა
  • საცალო და გასართობი ბიზნესი
  • ფარმაცევტული ბაზარი
  • ჯანდაცვა
  • შემოქმედებითი სექტორი (მოიცავს რეკლამას, ფილმის ინდუსტრიასა და მოდა-დიზაინს)

ძირითადი ნაწილი

ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, სადაც აღწერილია, რომ თბილისი „ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი“ და „ძირითადი ბიზნეს-ჰაბია“ ქვეყნის მშპ-ში 42%-იანი წილითა და ქვეყნის მოსახლეობის 31%-ით, ავტორები წერენ, რომ არსებობს მრავალი ასპექტი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩამოთვლილი სექტორების გასავითარებლად. მაგალითად:

  • საჭიროა ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვა: ქალაქის სტრატეგია თუ სხვა ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებსა და მიმართულებას;
  • საჭიროა „ინფრასტრუქტურული ჩარევა“ — ფეხით მოსიარულეებისთვისა და ველოსიპედისტებისათვის პრიორიტეტის მინიჭება, ეფექტური საავტომობილო მოძრაობის უზრუნველყოფა და პარკინგის საკითხის მოწესრიგება;

„გასცდით ძველ თბილისს“

ასე შეიძლება შევაჯამოთ რეკომენდაცია, რომელსაც კვლევა სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე აძლევს მერიას: ანგარიშის ავტორები ამ სექტორს უწოდებენ „მოწიფულ“ სექტორს და წერენ, რომ ეს სფერო ქალაქის ისტორიულ ნაწილში უკვე „გადამეტებულადაა წარმოდგენილი“. ამიტომაც, ანგარიშის თანახმად, აუცილებელია, ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომ ტურისტები ქალაქის სხვა ნაწილებშიც მიიზიდონ;

კიდევ ერთი რეკომენდაციით, საჭიროა ფოკუსირება არა ვიზიტორების რაოდენობის გაზრდაზე, არამედ ტურისტების მიერ დახარჯული თანხის გაზრდაზე;

ანგარიშის თანახმად, ჩართულობის გაზრდა ტურიზმის დემოგრაფიაზე დაკვირვებითაც შეიძლება — ვინ, რა ასაკის, ეკონომიკური შესაძლებლობების და ა.შ. ადამიანები არიან ჩამომსვლელები; კიდევ უფრო გაზრდა კი შეიძლება ისეთი ნიშური სფეროების დივერსიფიკაციით, როგორიცაა „სპა და ველნესი“, სამედიცინო სფერო, MICE ტურიზმი (ანუ შეხვედრები, კონფერენციები და გამოფენები) და გასტრონომიული ტურიზმი.

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა

კვლევაში წერია, რომ თბილისში არსებობს ე.წ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივაც. მის გასავითარებლად კი, ავტორების თანახმად, საჭიროა, მერიამ ხელი შეუწყოს ინკლუზიური პაკეტების შემოღებას. მათ თანახმად, ასე შეიძლება სამედიცინო ტურიზმის სფეროში მეტი ადამიანის მოზიდვა;

არის შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • საჭიროა ითანამშრომლონ ავიაკომპანიებთან, სასტუმროებთან, სამოგზაურო სააგენტოებთან და შესთავაზონ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ჩამოსულ ტურისტებს ფასდაკლების პაკეტები;
  • შეიქმნას ონკოლოგიური ცენტრების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქსელი, რომელსაც შეეძლება, ყველა ეტაპზე უკეთ უმკურნალოს პაციენტებს
ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევის ავტორები შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

საჭიროა:

  • ურბანული მობილობის მდგრადი გეგმის ჩამოყალიბება და დანერგვა
  • ავტობუსების ქსელის გაუმჯობესება: მარშრუტების ოპტიმიზაცია, ავტობუსების ფარეხის გაუმჯობესება, ბასლაინების შემოღება სატრანსპორტო არტერიებში;
  • პარკინგის წესების დარღვევების დასჯაზე ზედამხედველობა (ამის უკონტროლობა არის მიზეზი, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა ტურიზმის განვითარებას)
  • ველო-ინფრასტრუქტურის განვითარების გაგრძელება და ქალაქის სამეზობლოებს/უბნებს შორის მობილობის გაუმჯობესება;
  • საქალაქო, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის, მათ შორის გრძელვადიანი ზონირების სტრატეგიის შემუშავება;
„ადამიანური კაპიტალი“
  • დამყარდეს პარტნიორობა ქალაქის მთავრობასა და ბიზნესს შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების გასავითარებლად, რათა „ერთობლივად უზრუნველყონ ადამიანური კაპიტალის მიწოდება“
  • განავითარონ არხები, რითაც მოხდება უნივერსიტეტებში არსებული ცოდნის კომერციალიზაცია და კერძო სექტორსა და უნივერსიტეტებს შორის ტექნოლოგიის გაცვლა-გამოცვლა;
  • სასწავლო გეგმის ბიზნესის ახლანდელ საჭიროებებზე მორგება, რათა შეიქმნას შრომითი ძალა, რომელსაც მოთხოვნადი უნარები ექნება;

სტრატეგია

ანგარიშის რეკომენდაციით, საჭიროა:

  • ქალაქის ბრენდის შექმნა
  • ქალაქის პრიორიტეტების გრძელვადიანი, შეკრული ხედვის განვითარება
  • მერიაში სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, შემოქმედებით სექტორებზე სპეციალიზებული სააგენტოების შექმნა;
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com