ტრადიცია, რომელიც ჩვენი არაა – შალალა ამირჯანოვა

ავტორი: შალალა ამირჯანოვა
ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა ფეისბუკ-გვერდზე  Pəncərə/ფანჯარა.

მე-9 კლასის პირველი თვეები იყო, როდესაც ჩემი კლასელი დაინიშნა. სახლში დედაჩემს ამ ამბავზე რომ ვუთხარი, შენ პატარა ხარ, მსგავსი საკითხები არ გეხებაო, მითხრა. თუმცა მე და ჩემი კლასელები ტოლები ვიყავით. იმ გოგოს შემდეგ, იმავე წელს, კლასის გოგოების თითქმის ნახევარი გაათხოვეს, – რა თქმა უნდა, სწავლა დაატოვებინეს იმავე წელს, მე-9 კლასის დამთავრებისთანავე.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი ეს ამბები, მაგრამ წლების წინ ამაზე არავინ არ რეაგირებდა. ეს ამბები ხდებოდა და ხდებოდა.

დღეს ეგრე აღარ არის. უფრო „ძლიერი“ კანონები გვაქვს. თუმცა ჩვენი სინამდვილე ისაა, რომ დღითიდღე უფრო მძიმე ამბები გვესმის. თუ ვიტყვით, რომ ეს მასობრივად ხდება, მართალი არ ვიქნებით, მაგრამ ერთი ამბავიც კი საკმარისია იმ საშინელების დასანახად.

დღეს 21 წლის ვარ. რამდენიც არ უნდა ვიმუშაო და ვისწავლო, ოჯახის წევრების თვალში სულ პატარა ვარ. როდესაც წარმოვიდგენ ჩემს ტოლს და უფრო პატარას, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, იძულებით რომ ათხოვებენ და ცხოველი გააუპატიურებს, მის მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს და მერე ადგება და ეს ჩვენი წესიაო, იტყვის – ეს დიდი ტრავმაა ჩემთვის.

ძალიან ცოტა ხანია, რაც დავიწყე პრობლემებთან ერთად ქალების წარმატებულ ისტორიებზე წერა. იმ იმედით, რომ დაანახო გარშემომყოფებს შენს რეგიონში და იმ რეგიონებში, სადაც ჩენი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ბარიერის მიუხედავად, წარმატების ისტორიებიც არის, წინ მივდივართ, ვვითარდებით. წარმოიდგინეთ: შენ ცდილობ, ხალხს დაანახო კარგი მაგალითი, მაგრამ უცებ, წამებში, შენ გვერდით ისეთი ხდება, რომ უკვე არც შენ გჯერა ამის…

სტუდენტი რომ გავხდი, ყოველდღე მესმოდა ფრაზები: აბა, შენ რამდენი შვილი გყავს, როგორ მოხდა, რომ არ გათხოვდი, ალბათ, რამე შერეული ოჯახი გყავსო. ეს ჩემთვის იყო ძალიან დამამცირებელი. წლები გადის, შენ ამბობ, რომ არა, იცით რა, შეიცვალა მდგომარეობა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ უცებ კიდევ ერთი ამბავი და… მთლიანად იმედგაცრუებული რჩები…

მე ამას ვამტკიცებ, დღეს ჩემს მხარეში ნამდვილად არსებობს წინსვლა, განვითარება, ბარიერების გადალახვა, მაგრამ სხვაგან, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, ეს მეც მაწუხებს. გაჩუმება, ხმის არამოღება არაა გამოსავალი. ეს ჩვენი წეს-ჩვეულება არაა, ეს ტრადიცია არაა, ეს კულტურა არაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საშინელებაა. იმედია, ეს ბოლო იქნება…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი