“რუსთველის გამზირზე უკვე დასრულდა საქართველოს პარლამენტის შენობის გაფორმება, შენობის წინ დამონტაჟდა მანათობელი ანგელოზის ფიგურები და ყვავილები. დედაქალაქის მთავარი, 25-მეტრიანი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება. ტრადიციული ნაძვის ხის კომპოზიცია აეწყობა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე. კომპოზიციის ავტორია მხატვარი მურაზ მურვანიძე,’– წერია მერიის განცხადებაში.
საახალწლო განათებების მონტაჟი, მერიის ინფორმაციითვე, ასევე დასრულებულია ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გროგოლ რობაქიძის, ნოდარ დუმბაძის და დავით გურამიშვილის გამზირებზე და ამ დროისთვის უკვე მორთულია ბარათაშვილის აღმართი, გლდანულას შესახვევი, მელაანის, ბუშის და ლეხ კაჩინსკის ქუჩები.
საახალწლო ილუმინაციებით დედაქალაქის გაფორმების სამუშაოები 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს, თბილისის მერიის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული შპს „სინათლის ქალაქი“ ასრულებს.