ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

30 ნოემბერი, 2014 •
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

დღეს, 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დეპუტატებს აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ის შენიშვნები გააცნო, რომელიც გუშინ, 29 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა კომიტეტის წევრებმა როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან მას მხარი არ დაუჭირეს.

 

“პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მოდელით, სასამართლო პრაქტიკულად ერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში. იმიტომ, რომ ის ე.წ. მეორე საკონტოლო გასაღები, ანუ პულტი – თანხმობა გადადის მოსამართლესთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე აძლევს თანხმობას მოსმენაზე და ისვე ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს სამინისტრომ,”– განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ. 

 

“ე.წ შავი ყუთი, სერვერი რჩება ისევ შსს–ში, რაც ნიშნავს იმას, რომ იმის მიუხედავად, რამდენი გასაღები იქნება და ვის დაურიგდება, შსს–ს რჩება იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელოს უკანონო მოსმენა. ეს არის ამ კანონის მთავარი პრობლემა და ამის გამო ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ,”– ამბობს საპარლამენტო უმცირესობის, ერთიანი ნაციონალურუ მოძრაობის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე. 

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ის გადაეგზავნება ისევ საქართველოს პრეზიდენტს და თუ გიორგი მარგველაშვილმა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კანონის მიხედვით, დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. 

 

პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.

საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი