ახალი ამბები

Tbilisi Open Air-ზე თანასწორობის ქალაქი მოეწყობა – რას გულისხმობს ეს კონცეფცია

11 ივნისი, 2019 • 1114
Tbilisi Open Air-ზე თანასწორობის ქალაქი მოეწყობა – რას გულისხმობს ეს კონცეფცია

Tbilisi Open Air-ზე წელს “თანასწორობის ქალაქი” მოეწყობა. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ სიმბოლური მესიჯით ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ საზოგადოებისთვის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ნეტგაზეთი “თანასწორობის ქალაქთან” დაკავშირებით ფესტივალის გენერალურ პროდიუსერს, ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, “თანასწორობის ქალაქი“ ე.წ. კემპინგის სივრცეში მოეწყობა.

“მოგეხსენებათ, რომ 10 წლისთავის აღსანიშნავსად Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია წამოიწყო, რომელსაც “თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ ჰქვია. სწორედ ამასთან დაკავშირებით კემპინიგის ტერიტორიაზე მოეწყობა “თანასწორობის ქალაქი“, რომელსაც თანასწორობის იდეასთან ასოცირებული სიმბოლური ქუჩები ექნება.

ამავე ადგილას გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, გამოვლენ სპიკერები, რომლებიც ისაუბრებენ თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და იმ ფასეულობებზე, რასაც ეს ცნებები მოიცავს“,- ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.

ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ კამპანია არ მიემართება რომელიმე კონკრეტულ თემსა თუ ჯგუფს და ზოგადად ეხმიანება თანასწორობის ცნებას.

“ეს კამპანია მიმართულა, ზოგადად, საზოგადოებისკენ და მისი მთავარი შინაარსი არის ის, რომ თანასწორობა და მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კონცეფციაა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენთან მოსულ ადამიანს, რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინონ.

ფესტივალის 10 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იკრიბებოდა სხვადასხვა რელიგიის, მოცემულობის, ორიენტაციისა და სხვა ფასეულობების მქონე ადამიანი, რომლებიც თანასწორად ერთ სივრცეში თანაარსებობდნენ, სწორედ ამის საფუძველზე გაჩნდა “თანასწორობის ქალაქის“ შექმნის იდეა“,- ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.

“თანასოწობის ქალაქს“ ფესიტვალის საორგანიზაციო ჯგუფი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოაწყობს. ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ორგანიზაცია ატარებს კამპანიას “მე ვირჩევ თანასწორობას“, რომლის ღირებულებებიც Open Air-ის ფასეულობებს ემთხვევა.

“მათ მოგვმართეს და გადავწყვიტეთ, რომ გვეთანამშრომლა. ჩამოვყალიბდით “თანასწორობის ქალაქის“ კონცეფციაზე, სადაც მოეწყობა სიმბოლური დასახელების ქუჩები, სტენდები და ა.შ. რაც შეეხება სპიკერებს, მათ ჩვენ ევროსაბჭოსთან ერთად შევარჩევთ“,- გვიყვება ნადარეიშვილი.

წელს Tbilisi Open Air 2019 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ, არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. 

Tbilisi Open Air წელს მეათე იუბილეს აღნიშნავს და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან: Rhye; David August; The Subways; Michelle Gurevich; 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი”. სრული ლაინაფი ნახეთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი