„ჩვენ არ ვთავაზობთ პარლამენტს არავითარ ახალ სტრუქტურას, ახალ მოთამაშეს, რომელიც ამ პროცესში უნდა შემოვიდეს, უბრალოდ, სასამართლო, გარდა ნებართვის გამცემისა, იქნება ელექტრონული თანხმობის მიმცემი და ამ მხრივ სასამართლოს როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პროცედურებთან დაკავშირებით განმარტა:
„პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლის მიღებასაც სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა, ხოლო შემდგომ, თუ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭისყრაზე დგება პირვანდელი რედაქცია, რომელიც ერთხელ უკვე მიიღო საქართელოს პარლამენტმა. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 76 ხმით კვლავ დაადასტურებს მის ერთხელ უკვე გამოხატულ პოზიციას, ამის შემდგომ კანონი შევა ძალაში“.
საქართველოს პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონების პაკეტს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით დღეს ვეტო დაადო.