განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის – აფხაზეთის – სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ასევე, დეპუტატების შეფასებით, იგი თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენისა და ურთერთობების განახლების პროცესის ხელშემშლელ აქტს წარმოადგენს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ოკუპაციის განმტკიცებას ემსახურება.
საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ყველა ღონე იხმაროს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ანექსიის პოლიტიკის შეწყვეტის მოთხოვნამ მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთისა და რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის მწვავედ დააყენოს აღნიშნული საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე; განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ანალოგიურ ქმედებათა გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ პოლიტიკასა და მოთხოვნებში თვალსაჩინო ადგილი ეკავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი ანექსიის საფრთხის საკითხებს.
საქართველოს მთავრობის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ნატო) ორგანიზაციას, რომ დროულად დაიწყოს ნატოს კარდიფის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის სრულფასოვანი განხორციელება; ხოლო ევროკავშირს – მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკურიინტეგრაციის პროცესი. მათ შორის: ევროკავშირის ქვეყნების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაცია; 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება.
