სამინისტროს განცხადებით, „ერისიონს“ შენობის პრობლემა მრავალი წელია აქვს. მის საკუთრებაშია დაუმთავრებელი ფართი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომელიც სარეპეტიციოდ გამოუსადეგარია, ამიტომ ანსამბლი რეპეტიციებს რუსთაველის N16-ში მდებარე ამორტიზებულ შენობაში მართავს.
კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს სახელმწიფო ანსამბლის პრობლემა. „ერისიონისთვის“ გადასაცემად რამდენიმე შენობიდან ერთ-ერთი, მათ შორის „მედიკოსების სახლი“ განიხილება.
სამინისტროს ცნობით, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი ქუმსიაშვილთან, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელთან და არქიტექტორებთან ერთად ე.წ. მედიკოსების სახლი დღეს დაათვალიერეს.