მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2019 წლის თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვის თავზე მთავრობის დაკომპლექტება ვერცერთმა პარტიამ შეძლო.
საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსულმა “სოციალისტურმა პარტიამ” ხმათა 31% მიიღო, პროევროპულმა ბლოკმა AСUM-მა, რომელიც “ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)” და “ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA) გაერთიანებას წარმოადგენს – 26.8%, ხოლო გავლენიან ბიზნესმენ ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მმართველმა “დემოკრატიულმა პარტიამ”, რომელიც ასევე პროევროპულ ძალას წარმოადგენს – 23.6%.
8 ივნისს იგორ დოდონის პრორუსულად განწყობილი “სოციალისტები” და მემარცხენე პროევროპულ ბლოკი AСUM სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ და პლაჰოტნიუკის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იგორ დოდონს დროებით უფლებამოსილება შეუჩერა და მის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი (“დემოკრატიული პარტია”) დანიშნა. ამის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლომ დაასახელა, რომ იგორ დოდონმა არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. საქმე იმაშია, რომ უფრო ადრე მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ვალდებული იყო, დაეთხოვა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა, თუ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 3 თვეში პარლამენტი ახალი მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, ეს ვადა 7 ივნისს იწურებოდა და 8 ივნისის ჩამოყალიბებული სამთავრობო კოალიცია ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
პაველ ფილიპის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან სხვა გამოსავალი, გარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა, არ არსებობს.
მოლდოვის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც პაველ ფილიპის მთავრობა და “დემოკრატიული პარტია” უზურპატორად გამოაცხადა. ამასთან, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტია PAS-ის კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარედ კი “სოციალისტური პარტიის” ლიდერი – ზინაიდა გრეჩანაია.
მიღებული დოკუმენტით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა.
სასამართლოს მიერ დროებით პრეზიდენტად დანიშნულმა პაველ ფილიპმა კი 6 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ახლადარჩეული პარლამენტი მუშაობას აგრძელებს და ხვალაც შეიკრიბება. ამასთან, დეპუტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავენ თხოვნით, უკანონოდ ცნონ “დემოკრატიული პარტიის” მოქმედებები.
მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პოლიცია არ ცნობს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას მაია სანდუს მეთაურობით.