ყოფილი პრეზიდენტის მკვახე განცხადება არ შეესაბამება მის სტატუსს – ვოლსკი მარგველაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ საარჩევნო უბანზე გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტმა არა მხოლოდ ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, არამედ მეორეს უხეშად თავს დაესხა.

“მე რასაც ყურადღება მივაქციე, ეს იყო საკმაოდ მკვახე განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა – აშკარა მხარდაჭერით ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ, თან არა მხოლოდ კეთილგანწყობით ამ კანდიდატის მიმართ, არამედ ძალიან უხეში თავდასხმით ოპონენტ მხარეზე. ეს არ შეესაბამება არც ამ პიროვნების სტატუსს და გარკვეული ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ იქნას გაკეთებული”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისსა და ვის შორის არსებობს ასეთი “ჯენტლმენური შეთანხმება”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ არჩევნებზე მან ხმა მისცა ადამიანს, რომელიც “სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს”.

მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

“მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდნენ.

მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი, მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომელიც არათუ თავისუფალ აზრს დააფიქსირებენ, არამედ რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ,” – თქვა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც “ჩვენი თანამებრძოლის, მართლა განსაკუთრებული პიროვნების წინააღმდეგაა ნაწარმოები”.

“მე მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენთაგანის, თანამებრძოლის, გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში – ასე ცდილობენ რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, არამედ ჩვენ იმის განცდით, თითქოს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ ყველაფერს. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც “ჩვენი თანამებრძოლის, მართლა განსაკუთრებული პიროვნების წინააღმდეგაა ნაწარმოები”.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ამავე თემაზე:

ხმა მივეცი იმ ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეებს – მარგველაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.