ახალი ამბები

ხმა მივეცი იმ ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეებს – მარგველაშვილი

9 ივნისი, 2019 •
ხმა მივეცი იმ ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეებს – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ არჩევნებზე მან ხმა მისცა ადამიანს, რომელიც “სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს”.

მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

“მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდნენ.

მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი, მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომელიც არათუ თავისუფალ აზრს დააფიქსირებენ, არამედ რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ,” – თქვა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც “ჩვენი თანამებრძოლის, მართლა განსაკუთრებული პიროვნების წინააღმდეგაა ნაწარმოები”.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე მოსვლა ყველაზე დიდი პოლიტიკოსობაა.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი