ახალი ამბები

დაბალი აქტივობით ხელისუფლებას თავისი კანდიდატის გაყვანის შანსი ეძლევა – შავგულიძე

9 ივნისი, 2019 •
დაბალი აქტივობით ხელისუფლებას თავისი კანდიდატის გაყვანის შანსი ეძლევა – შავგულიძე

შალვა შავგულიძე, რომელიც შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის, დღეს მთაწმინდის მე-10 უბანზე მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა აუცილებელია.

“ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი. ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელოსუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია – ასეთია მთაწმინდის ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი – იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მე მჯერა, რომ ამომრჩეველი ამას გააკეთებს,” – ამბობს შავგულიძე.

შავგულიძეს დღეს ხმა არ მიუცია, ის მთაწმინდაზე ჩაწერილი არ არის. თუმცა, არჩევნებზე ის მთაწმინდის მე-10 უბანზე დარეგისტრირებულ შვილთან ერთად მივიდა.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი