ახალი ამბები

დარბაზის ჩარაზული კარი სიმბოლოა, როგორ სურს „ოცნებას“ ევროპული პერსპექტივა ჩარაზოს – ოპოზიცია

18 ივლისი, 2022 • 981
დარბაზის ჩარაზული კარი სიმბოლოა, როგორ სურს „ოცნებას“ ევროპული პერსპექტივა ჩარაზოს – ოპოზიცია

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით „ქართული ოცნება“ რიგგარეშე  სესიაში მონაწილეობაზე უარი თქმით უარს ამბობს  საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

საუბარია პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნით მოწვეულ რიგგარეშე სესიაზე. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც 18 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხებოდა.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბიურომ კი, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, მიიჩნია, რომ ოპოზიციის მიერ განსახილველად შეთავაზებული საკითხები მოუმზადებელია და რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭირო სხდომის დღის წესრიგში ვერ ჩაისმებოდა. შესაბამისად, რიგგარეშე სესია ვერ გაიხსნა.

ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები სხდომათა დარბაზის კართან გააკეთეს. მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩარაზული კარი სიმბოლოა იმის, თუ როგორ უნდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული პერსპექტივის ჩარაზვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ჩარაზული კარი მმართველი პარტიის შიშის სიმბოლოა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ, მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისათვის, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ. სამწუხაროდ, ეს დაკეტილი კარები არის სიმბოლო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს გაჩაღებული. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ კამპანიაშია ჩართული და რეალურად, არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ევროკომიის 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკითხები უკვე მზად არის, კონკრეტული საკითხები ინიცირებულია და შესაძლებელი იყო დღესვე განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე , ხოლო რიგგარეშე სესია უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა. პრაქტიკულად, ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი შალვა შავგულიძეც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” ამოცანა ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს.

„თან ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ ოპოზიციას დაბრალდეს, ან თავად ევროკავშირს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ვინაიდან ქართული საზოგადოების მყარი გადაწყვეტილება დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირებაა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებითა და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა. ეს მაინც ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ უნდა. “ქართულ ოცნებას” კი, უბრალოდ, საკუთარი ნება არ გააჩნია, ის ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. მაგრამ ერთი კაცის ინტერესები ვერ მოერევა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ხაზს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.


პრეზიდენტმა გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა და რიგგარეშე სესია მოიწვია. რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც 18 ივლისიდან უნდა დაიწყოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხებოდა.

თუმცა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, უმრავლესობის 81 დეპუტატიდან რიგგარეშე სესიის სხდომაზე არავინ მივა და, შესაბამისად, სხდომისთვის საჭირო კვორუმი(76 დეპუტატი) ვერ გროვდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი