ახალი ამბები

ქართულმა მხარემ OSCE-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2014 •
ქართულმა მხარემ OSCE-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა

როგორც უწყებაში აცხდებენ, თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხსენებული ქმედება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ღია და უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.


“ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მთლიანად რეგიონში და საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ქართველმა დიპლომატმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისა და რუსეთის ქმედებების დაგმობის თხოვნით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობა ქ. ბაზელში 4-5 დეკემბერს დაგეგმილ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში. რუსეთის ფედერაციას საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების შეცვლისკენ მოუწოდა,”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო, სან-მარინო, უკრაინა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია),  ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც “მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი და მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულოს საერთაშორისო, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.”

 

“გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების გამო. მათ რუსეთის ფედერაციას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უარყოფისა და ამ ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი