იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და ე.წ. დეპორტირებულების საქმეს უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს.
საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2 მაისს მიმართა, ვინაიდან რუსეთმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული კომპენსაცია სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის პირველ მაისამდე არ გადაიხადა. საქართველომ კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისაგან ოფიციალური განმარტების მიღება.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები და კვლავაც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებული ქმედებების შესახებ.
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.
ამავე თემაზე:
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა