ახალი ამბები

ფინანსური დახურვის გადავადების გამო, სახელმწიფომ კონსორციუმს $11 მლნ აპატია – თურნავა

7 ივნისი, 2019 •
ფინანსური დახურვის გადავადების გამო, სახელმწიფომ კონსორციუმს $11 მლნ აპატია – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ე.წ ფინანსური დახურვის რამდენჯერმე გადავადების გამო, 11 მლნ აშშ დოლარის პირგასამტეხლო აპატია.

ამის შეხებ თურნავამ პარლამენტში დღეს, 7 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება. საინვესტიციო ხელშეკრულებაში ე.წ ფინანსური დახურვის ვადად,  ანუ როდესაც ფინანსირება შეიკვრებოდა, კონსორციუმისთვის განსაზღვრული იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და ამ ვადის გადავადება მოხდა. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად ფინანსების მოზიდვის საკითხს კიდევ ვიხილავთ. ამ პროცესში სახელმწიფომ ინვესტორს [ანაკლიის განვითარების კონსორციუმს] უკვე აპატია 11 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რაც ვადების დარღვევის გამო დაეკისრა. თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს პროექტი შედგეს, რადგან ანაკლია მხოლოდ კომერიცული პროექტი არ არის და ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-აცხადებს თურნავა.

მართლაც ჩამოეწერა თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელ კონსორციუმს 11 მლნ აშშ დოლარი, ამ კითხვით ნეტგაზეთმა კონსორციუმს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

ამ ეტაპზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადად, რაც პორტის მშენებლობითვის საჭირო ფინანსების მოძიებას გულისხმობს, 15 ივნისი აქვს განსაზღვრული. 21 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვადა გადაიწევს, თუმცა რა ახალი ვადა მიეცემა კონსორციუმს 400 მლნ აშშ დოლარის მოსაძიებლად, ჯერჯერობით უცნობია.

სახელმწიფოს ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის დაზღვევა არ სურს, კონსორციუმი დახმარებას ევროკავშირისგან ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი