ახალი ამბები

შემოთავაზება უნდა წამოვიდეს გუნდიდან — გოგაშვილი 2020-ის არჩევნებში მონაწილეობაზე

6 ივნისი, 2019 • 1191
შემოთავაზება უნდა წამოვიდეს გუნდიდან — გოგაშვილი 2020-ის არჩევნებში მონაწილეობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი კითხვას, სურს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, პასუხობს, რომ ამის შესახებ შემოთავაზება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან უნდა წამოვიდეს.

6 ივნისს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით ან დედოფლისწყაროს მაჟორიტარად იხილოს, გოგაშვილმა უპასუხა: „არ არ ვიცი, არანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არ მქონია“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, აქვს თუ არა მას ამის სურვილი, გოგაშვილმა უპასუხა: „სურვილი შეიძლება ჰქონდეს კარიერისტ ადამიანს. მაგრამ ჯანსაღი ამბიცია ყველა ადამიანს აქვს. აქედან გამომდინარე, შემოთავაზება უნდა წამოვიდეს გუნდიდან. თუ გუნდს დასჭირდება და მე შემოთავაზება გუნდიდან მექნება არა მარტო მაჟორიტარობაზე, არამედ სხვა ნებისმიერი, ის თუ მისაღები, აუცილებელი და საჭირო იქნება, მე მივიღებ შემოთავაზებას და დავთანხმდები“.

სოსო გოგაშვილმა სუს-ის პირველი მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. შემდგომ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი