ახალი ამბები

პრემიერი: უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება ომის გამძაფრების რისკს შეიცავს

26 ნოემბერი, 2014 • • 1186
პრემიერი: უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება ომის გამძაფრების რისკს შეიცავს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეაქციაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მსგავს ხელშეკრულებას რუსეთი საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონთან, სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმებს.

 

„ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, რათა რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება დაგმონ, ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისგან ჩვენ მოველით [შეთანხმების] კიდევ უფრო აქტიურ დაგმობას.“

 

ღარიბაშვილის თქმით, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებამ ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი, მაგრამ რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებში „არავითარი გაუმჯობესება“არ შეიმჩნევა, რადგან რუსეთს არ სურს პოზიციის შეცვლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მაშინ, როცა თბილისი დაჟინებით ითხოვს ამ რეგიონების რეინტეგრაციას საქართველოს ფარგლებში.

 

„ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით.  ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ კონსტრუქციული ხელისუფლება, ჩვენ ვართ პრაგმატული, გვსურს მშვიდობა და დალაგებული ურთიერთობები ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი მისწრაფებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი არჩევანია… [მაგრამ] ის არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.“

 

ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა  უკრიანის კრიზისზეც ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოონ უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად და მხოლოდ სანქციები ვერ იქნება საკმარისი საკითხის მოსაგვარებლად. ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ დააჯერა მოსკოვი, რომ მისი ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა. მისი თქმით, „მხოლოდ სანქციები“ ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებების ხასიათს, ხოლო ისეთი საკამათო ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება, ომის კიდევ უფრო გამძაფრების რისკს შეიცავს.

 

„დიალოგის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება, უნდა შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები.“

მასალების გადაბეჭდვის წესი