ახალი ამბები

“მოზარდი შოკურ მდგომარეობაშია“ – 16 წლის გოგო თქმით, მან ბავშვი გაუპატიურების შედეგად გააჩინა

6 ივნისი, 2019 •
“მოზარდი შოკურ მდგომარეობაშია“ – 16 წლის გოგო თქმით, მან ბავშვი გაუპატიურების შედეგად გააჩინა

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები 16 წლის გოგო ამბობს, რომ მასზე 40 წლის მეზობელმა იძალადა, რის შემდეგაც დაორსულდა. ბავშვი რამდენიმე დღის წინ დაიბადა.

ამ დროისთვის გოგოსთან მუშაობენ სოცმუშაკები, შსს-ში კი მიმდინარეობს მოკვლევა.

ამ ამბის შესახებ პირველად Reginfo-მ დაწერა. გამოცემას გოგო უყვება, რომ მასზე სექსუალურად 40 წლის კაცმა, მისი მეგობრის მამამ იძალადა.

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი”, – ჰყვება გოგო.

გოგოს მონაყოლიდან ასევე ჩანს, რომ ორსულობის შესახებ ბავშვის გაჩენის დღემდე არ იცოდა. ის ამბობს, რომ სკოლაში ყოფნის დროს მას მუცელი ასტკივდა და მიმართა საავადმყოფოს, რის შემდგომაც აღმოაჩინა, რომ იმავე დღეს მას ბავშვი უნდა გაეჩინა.

“ჩვენი სამსახური ფაქტის გახმაურებისთანავე, ანუ ორშაბათიდან, აქტიურად არის ჩართული მოზარდისთვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებაში. ჩვენ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში გავუწიეთ საპროცესო წარმომადგენლობა.

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ის ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ არის შოკურ მდგომარეობაში. მისთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა ის, რომ რაც მას თავდაპირველად ბრმანაწლავის ტკივილი ეგონა, საავადმყოფოში მისვლისთანავე მშობიარობა აღმოჩნდა“ ,- უყვება ნეტგაზეთს სოცმუშაკი მაკა ლობჟანიძე.

ლობჟანიძე ამბობს, რომ გოგომ ბავშვი ხუთშაბათს გააჩინა, სოცმუშაკი კი საქმეში ორშაბათს ჩაერთო. მისი თქმით, სოციალური სააგენტო ესაუბრა გოგოს ოჯახსაც, სადაც მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია მისცეს. რაც შეეხება მოძალადეს, სოცმუშაკი ამბობს, რომ დეტალებს ვერ გაამხელს, თუმცა, გოგომ პოლიციაში ჩვენება უკვე მისცა.

არასრულწლოვანს უახლოეს დღეებში უნდა შეხვდეს ფსიქოლოგიც. მაკა ლობჟანიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მათ მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ჰყავს, თუმცა, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სოცსააგენტო ეცდება, მასქსიმალურად მოკლე დროში დანიშნოს ვიზიტი სპეციალისტთან.

რაც შეეხება ჩვილს, სოცმუშაკი ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობას გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც გრძელ სტაციონარულ მკურნალობას გადის.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე [სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში] მუხლით. ამასთანავე, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი