სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ავიაკომპანია “ავიატორი +”-ის ექსპლუატაციაში იმყოფება.
ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული (სარეგისტრაციო ნომერი 4L-ADJ).
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმური შემოწმება.
“საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
დაბა სტეფანწმინდასთან მათი კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სასტუმროების ქსელის მფლობელი “აჭარა ჯგუფიც”.
“დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა აჭარა ჯგუფის კუთვნილი ვერტფრენი ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და “აჭარა ჯგუფის” ორი თანამშრომელი. კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს. “აჭარა ჯგუფი” საგამოძიებო ორგანოებთან სრულად თანამშრომლობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ვერტმფრენი ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე დღეს, 6 ივლისს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე თემაზე: