ახალი ამბები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ — EMC

6 ივნისი, 2019 • 1487
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ — EMC

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ედავებიან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების, წამების ამკრძალავი მუხლისა და ეფექტიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას.

სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით განაცხადი წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC-მ). განმცხადებლების ინტერესებს სტრასბურგში EMC-თან ერთად დაიცავს ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) — ლონდონში მომუშავე ორგანიზაცია.

განაცხადში მოსარჩლეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაწყვეტს სტრასბურგის სასამართლო, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

6 ივნისს მოწვეულ პრესკონფერენციაზე EMC-ს წარმომადგენლებმა და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა ისაუბრეს არგუმენტებზე, რაზეც საჩივარს აგებენ. ეს არგუმენტები ასეთია:

  1. 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება მოჰყვა, დაიგეგმა ისე, რომ, მომჩივანთა შეფასებით, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ;
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს „არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა“. განმცხადებლების თანახმად, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათი თქმით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც მიუთითებს; „მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თამირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება“, — აცხადებენ EMC-ში;
  3. დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ „არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით“;
  4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება „არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპეცრაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე“, — წერს ორგანიზაცია.
  5. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ გამოძიება ჭიანურდება და იმის მიუხედავად, რომ „2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს“.

EMC-ისა და მაჩალიკაშვილების თანახმად, „ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა“. იმის მიუხედავად, რომ წელიწადნახევარზე მეტია ოჯახი იბრძვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  მართლმსაჯულების მისაღწევად, ხელისუფლება მხოლოდ უგულებელყოფითა და „დეჰუმანიზების რიტორიკით“ პასუხობს, ამ პირობებში კი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები მათთვის ერთადერთ მექანიზმად რჩება, აცხადებს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი