ახალი ამბები

კიბერდანაშაულის გზით საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის საქმეზე 3 პირი დააკავეს

6 ივნისი, 2019 •
კიბერდანაშაულის გზით საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის საქმეზე 3 პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის  დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები “საქართველოს ბანკისა” და “TBC ბანკის” ვიზუალურად მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით მოქალაქეების თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი ბანკის” ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, „ფეისბუკის“ მომხმარებლებს  სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურებას სთავაზობდნენ. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტაენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

კიბერდანაშაულის მსხვერპლი სოლო კლიენტები საქართველოს ბანკის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი