ახალი ამბები

“2 საათი მოვცურავდი” – მოქალაქე, რომელსაც თურქეთი FETO-სთან კავშირს ედავებოდა, საქართველოში დაბრუნდა

8 ივნისი, 2019 •
“2 საათი მოვცურავდი” – მოქალაქე, რომელსაც თურქეთი FETO-სთან კავშირს ედავებოდა, საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი, რომელსაც თურქეთი FETO-სთან კავშირებს ედავებოდა და ქვეყანას ვერ ტოვებდა, აცხადებს, რომ სამშობლოში მალულად, ზღვის გადმოცურვის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

მოქალაქის თქმით, თურქეთი მან 3 ივნისს, საკუთარი ძალებით დატოვა, საქართველოში დაბრუნებული კი თავად ჩაბარდა სასაზღვრო პოლიციას.

“2 საათი წყალში ვიყავი. მერე აქ პოლიციას ჩავბარდი, ჩემი ნებით. უკანონოდ საზღვრის კვეთისათვის დამაკავეს”, – აცხადებს მალხაზ მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, ორდღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მომდევნო პროცესი უკვე ჩაინიშნა.

სასაზღვრო პოლიციაში მოქალაქის წყლიდან ამოყვანისა და დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ–ის 344–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნული ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3–დან 5 წლამდე.

მანამდე, ჯერ კიდევ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი “ნეტგაზეთს” უყვებოდა, რომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავებოდნენ, რის გამოც 4 თვის მანძილზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ის ბრალდებას უარყოფდა, ავტომობილში ცხოვრობდა და სასამართლო პროცესს ელოდა.

“FETO” ტერმინია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ერთ დროს პრეზიდენტ ერდოღანის მოკავშირის, შემდეგ კი მასთან დაპირისპირებული და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის აღსანიშნად იყენებს. 2016 წელს თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობა ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა და 2016   წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. თურქეთში ასობით ათასი ადამიანი დააკავეს/სამსახურიდან გაათავისუფლეს მასთან კავშირის ბრალდებით.

მალხაზ მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციამ სტამბოლიდან საქართველოში დაბრუნებისას,  საზღვართან ახლოს, ართვინის პროვინციის პატარა ქალაქ ბორჩხასთან გააჩერა და ავტომობილში 1-დოლარიანი უპოვა, რის შემდეგაც დააკავა. სასამართლომ მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

გასულ წლებში თურქული მედია არაერთგზის იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ქვეყნის პოლიცია გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მიმართ ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ 1 დოლარის ნომინალის კუპიურებს იყენებს და კოდურ სიმბოლოდ განიხილავს მას.

მალხაზ მეზვრიშვილი აცხადებს, რომ თურქეთში პერიოდულად მიემგზავრებოდა, სადაც ერთჯერად შეკვეთებს იღებდა ავტომანქანების შეკეთებაზე.

FETO-სთან კავშირს მედავებიან, თურქეთს ვერ ვტოვებ – საქართველოს მოქალაქე

მასალების გადაბეჭდვის წესი