ახალი ამბებისამართალი

FETO-სთან კავშირს მედავებიან, თურქეთს ვერ ვტოვებ – საქართველოს მოქალაქე

5 ივნისი, 2019 •
FETO-სთან კავშირს მედავებიან, თურქეთს ვერ ვტოვებ – საქართველოს მოქალაქე

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავებიან, რის გამოც 4 თვეა ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, ავტომობილში ცხოვრობს და სასამართლო პროცესს ელის, რომელიც ჯერ არ დანიშნულა.

“FETO” ტერმინია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ერთ დროს პრეზიდენტ ერდოღანის მოკავშირის, შემდეგ კი მასთან დაპირისპირებული და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის აღსანიშნად იყენებს. 2016 წელს თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობა ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა და 2016   წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. თურქეთში ასობით ათასი ადამიანი დააკავეს/სამსახურიდან გაათავისუფლეს მასთან კავშირის ბრალდებით.

საქართველოს მოქალაქე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ 16 თებერვალს სარფიდან ავტომანქანით გაემგზავრა ქალაქ სტამბოლში, სადაც ავტომანქანების შეკეთებასთან დაკავშირებით ერთჯერად შეკვეთებს იღებს. მისი თქმით, იქ 2 კვირა გაატარა, უკანა გზაზე კი შენიშნა, რომ დაჰყვებოდნენ.

მალხაზ მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციამ საქართველოს საზღვართან ახლოს, ართვინის პროვინციის პატარა ქალაქ ბორჩხასთან გააჩერა და ავტომობილში 1-დოლარიანი უპოვა, რის შემდეგაც დააკავა.

“1 დოლარი ნახეს მანქანაზე და მთელი ღამე კაპეზეზე [წინასწარი დაკავების იზოლატორში] ვყავდი, მეორე დღეს სასამართლო მქონდა და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე, მე გაუსვლელობა მომცეს”, – უყვება ის “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, რა უთხრეს სასამართლოზე, მეზვრიშვილი ამბობს, რომ ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რა იყო FETO, ჰქონდა თუ არა მასთან კავშირი და თუ ჰქონდა ტელეფონში ჩაწერილი რიგი აპლიკაციები, რომელთაც თურქეთის საგამოძიებო უწყებები გიულენის მოძრაობას უკავშირებენ.

“არ მქონდა ეგეთი პროგრამები და არც FETO ვიცოდი, რა იყო და ვუთხარი, არა-მეთქი. არაფერი უკითხავს[თ].  ბოლოს მითხრეს, ტელეფონი უნდა დავიტოვოთ ექსპერტიზაზეო და შენ ქვეყნიდან გაუსვლელობა გაქვს, სანამ გამოძიება მიდისო”, – აცხადებს მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ ზუსტი მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, მისთვის არ უთქვამთ.

მოქალაქე ასევე აღნიშნავს, რომ ჰყავს სახაზინო ადვოკატი, რომელიც ჯერჯერობით,არ უნახავს. მისი თქმით, ადვოკატს ოჯახი საქართველოდან ეკონტაქტება, თუმცა მომდევნო სასამართლოს თარიღსა და სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს.

გასულ წლებში თურქული მედია არაერთგზის იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ქვეყნის პოლიცია გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მიმართ ერთ-ერთ მტკიებულებად 1 დოლარის ნომინალის კუპიურებს იყენებს. თურქეთის სახელმწიფო გამოცემა “ანადოლუ” 2016 წლის სტატიაში განსაკუთრებით აღნიშნავს 1-დოლარიანებს, სერიული ნომრებით “F”, “J” და “C”. გამოცემა იუწყებოდა, რომ პოლიცია აღნიშნულ კუპიურებს FETO-ს წევრობის კოდურ სიმბოლოდ განიხილავდა.

მალხაზ მეზვრიშვილის თქმით, 1-დოლარიანის აღნიშნული დატვირთვა სასამართლოში არ აუხსნიათ და ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ შეიტყო.

მისივე განცხადებით, სასამართლოს შემდეგ პირველი 1 თვე ციხეში გაატარა, თუმცა ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია.

“მომკიდეს ხელი და გამაქანეს. არც ვიცოდი, სად მივყავდი”, – ამბობს ის.

მალხაზ მეზვრიშვილი ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “სახეირო” მისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

ცნობების გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” ტრაპიზონში საქართველოს კონსულს, ავთანდილ მიქაცაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, “გენერალური საკონსულო აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქის კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, მოქალაქე კატეგორიულ უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე”. კითხვაზე, რა სახის ინფორმაციას არ გასცემს მალხაზ მეზვრიშვილი, კონსული პასუხობს:

“მისი საქმის შესახებ მესამე პირებზე და განსაკუთრებით, ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე”.

ავთანდილ მიქაცაძის ინფორმაციით, მეზვრიშვილის მიმართ ბრალდება FETO-სთან კავშირზე მართლაც არსებობს, თუმცა დაცვის მხარეს “აქვს სერიოზული არგუმენტები მის წინააღმდეგ”.

“ჩვენს ხელთ არსებული მასალებით, ჩვენი აზრით, FETO-ს ბრალდება არასერიოზულია, მაგრამ ჩვენ უფრო გვაწუხებს სხვა ქალაქებში ჩადენილი დანაშაული”, – უთხრა კონსულმა “ნეტგაზეთს” და აღნიშნა, რომ მეტი ინფორმაციის გახმიანების საშუალებას თურქეთის კანონმდებლობა არ იძლევა.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას მალხაზ მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ სამართალდამცავ უწყებებთან სხვა პრობლემები მართლაც შეექმნა, თუმცა დასძინა, რომ ყველა ეს საქმე მის წინააღმდეგ დაიხურა, FETO-ს საქმე კი კვლავ ძიების პროცესშია.

საქართველოში თურქეთის საელჩო საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს. საელჩოში ამბობენ, რომ მალხაზ მეზვრიშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

საქართველოს მოქალაქის თქმით, ამჟამად ქემალფაშაში იმყოფება და ავტომანქანაში ცხოვრობს, არ გააჩნია ტელეფონი და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ პერიოდულად, ინტერნეტ-კაფეს მეშვეობით აქვს, რომელიც ამავე პროვინციაში მდებარეობს.

ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ რა ღონისძიებებს მიმართავს უწყება საქართველოს მოქალაქის უფლებების დასაცავად, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია და ინფორმაციის მოწოდებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ავტომობილი, რომელშიც მალხაზ მეზვრიშვილის თქმით, ამჟამად ცხოვრობს. ფოტო მოქალაქის ფეისბუქიდან.

ავტომობილი, რომელშიც მალხაზ მეზვრიშვილის თქმით, ამჟამად ცხოვრობს. ფოტო მოქალაქის ფეისბუქიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი