გიუნელ მევლუდი
ერთი თვის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი შეიწყალა. სიაში მოხვდა ყველა სინდისის პატიმარი, რომელთა ბედით აქტიურად ინტერესდებოდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ციხეში რჩება ორი ცნობილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტები – სეიმურ აზიევი და აფგან მუხთარლი. ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტოლოგი თვლის, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ხელისუფლების პოლიტიკის შერბილების დასაწყისია. მაგრამ არიან ისეთები, ვისაც მსგავსი „ჰუმანურობისადმი“ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ.
ილკინ რუსტამზადე ის პოლიტპატიმარია, რომელმაც დაახლოებით ექვსი წელი გაატარა ციხეში: 2013 წელს ახალგაზრდა აქტივისტმა სოციალურ ქსელებში შექმნა ივენთი და მოქალაქეებს არასაომარ ვითარებაში ჯარში სიკვდილიანობის გაპროტესტებისკენ მოუწოდა. ხელისუფლების და ოპოზიციის გასაკვირადაც კი, მთავარ მოედანზე გამოვიდა დაახლოებით 15 ათასი მოქალაქე. ამან ხელისუფლება აიძულა „ზომები მიეღო“: ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდა აქტივისტი სხვა ორგანიზატორებთან ერთად დააკავეს. ამგვარად, რუსტამზდემ დაახლოებით ექვსი წელი გაატარა ციხეში.
ილკინ რუსტამზადეს ნანატრი თავისუფლების მოპოვებიდან მალევე ვესაუბრეთ.
- ილკინ, როგორ ეჩვევით თავისუფლებას?
საინტერესო გრძნობაა. ისე მივეჩვიე ციხეს, ზოგჯერ ცოტათი მოსაწყენიცაა.
ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორი იყო: პირველ რიგში, მოქალაქეების შიდა წინააღმდეგობა, საერთაშორისო რეაქცია, მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მეორე მხრივ, 19 იანვრის მიტინგი. კომპლექსურად ყველა ფაქტორი იყო ურთიერთკავშირში, რამაც მოახდინა გავლენა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.
- ჩემი ერთ–ერთი კითხვა ესეც იყო: 19 იანვრის მიტინგზე ქუჩებში გამოვიდა 20 ათასზე მეტი მოქალაქე. ამან იქონია პრეზიდენტზე გავლენა?
რა თქმა უნდა. ხელისუფლება ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვის დაკავებაზე არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას. ამ მასშტაბის აქციამ ოპოზიციაში გააჩინა მოტივაცია, რამაც ხელისუფლება შეაშინა. ვფიქრობ, ზეგავლენა ძალიან დიდი იყო.
- ჩვენ უკვე დიდი ხანია არ გვინახავს ამდენი ადამიანი ქუჩაში. როგორ მოხდა, რომ ასე ბევრი ადამიანი მოულოდნელად შეიკრიბა. ეს მხოლოდ მეჰმან ჰუსეინოვის ისტორიაა?
იცით რა, დევალვაციის [ვალუტის კურსის] შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესებისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების ინტერესი, ვისი ცხოვრების პირობებიც გაუარესდა. ამ ფონზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ცვლილებების გარკვეული ნიშნების ჩვენება. საწყის ეტაპზე მეჰმან ჰუსეინოვს მოუხსნეს მეორე ცრუ ბრალდება. შემდეგ კი მასობრივი შეწყალება გადაწყვიტა.
- ზოგიერთი ოპოზიციური ბანაკი ამით ისე იყო გახარებული, რომ მადლობაც კი გადაუხადეს ალიევს ამდენი პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. რამდენად სწორია მადლობის გადახდა ადამიანების „შეწყალებისათვის“, რომლებიც ციხეში არ უნდა ყოფილიყვნენ?
პრეზიდენტის ბრძანებით გათავისუფლებულთაგან არავინ არ უნდა ყოფილიყო ციხეში. თავისუფლება – ეს ამ ადამიანების უფლებაა. ამიტომ არ ვთვლი, რომ აუცილებელია ამის გამო მადლობის გადახდა. მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ასამართლებენ ადამიანებს ამა თუ იმ აზრის გამოთქმის გამო. მე, მაგალითად, ეს არ გამიკეთებია – არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ასეთი სიმკაცრე იმათ მიმართ, რომლებმაც სიხარულის გამო მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს.
- რიგი პოლიტიკოსების მოსაზრებით, თქვენი გათავისუფლება და შემდგომი პროცესები აჩვენებს დემოკრატიზაციის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის შერბილებას. თუმცა ზოგ პოლიტიკოსს აქვს სხვა არგუმენტი – რომ ეს იყო იმიტაცია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყანაში არც კორუფცია და არც ზეწოლა არ შემცირდება და ეს ყველაფერი დასავლეთთან სპეკულაციის საგანია. თქვენ თვლით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების პოლიტიკის შერბილების მაჩვენებელია?
ბოლო მოვლენები – პრეზიდენტის მიერ პატიმრების გათავისუფლება არ იყო პირველი შემთხვევა, ამ სახის აქციები იყო ყოველთვის. შემდეგ კი ახალი რეპრესიების დაწყების მოწმე ვხდებოდით. სიმართლე გითხრათ, მე არ ვთვლი ამას რეფორმად. ეს რეალური რეფორმა რომ იყოს, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წინაშე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა.
თუკი მთავრობა აპირებს განახორციელოს რეფორმა და სურს ეს აჩვენოს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში, აკრძალვები უნდა მოიხსნას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებსა და მედიაზე. ამით უნდა დაიწყოს. როცა ასეთ მდგომარეობაშია სამოქალაქო საზოგადოება და მედია, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაც კი არაფერს შეცვლის.
- პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, მაგრამ აფგან მუხთარლი და სეიმურ აზიევი რჩებიან პატიმრობაში. რა არის მიზეზი, რის გამოც არ განიხილეს მათი გათავისუფლების საკითხი? რაში მდგომარეობს მათი პრობლემა?
სეიმურს გააჩნია მკაცრი პოზიცია ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მისი საპატიმრო ვადის დასრულებამდე არ დარჩა ბევრი დრო, მაინც არ უნდათ მისი გათავისუფლება. რაც შეეხება მუხთარლის, ხელისუფლებამ ის შეიპყრო სხვა ქვეყნაში. ეს ნიშნავს, რომ მის მიმართ რისხვა არც ისე მალე ჩაქრება. ვფიქრობ, რომ მუხთარლის, სეიმურის და სხვა პატიმრების გათავისუფლება შემდეგი პროცესი იქნება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის პოლიტიკის შედეგად მოხდება. მაგრამ ჩვენ ამას მშვიდად არ უნდა დაველოდოთ.
- არ არის სიახლე, რომ გათავისუფლების შემდეგ ბევრი პოლიტპატიმარი ან ქვეყანას ტოვებს, ან წყნარად არჩევს ყოფნას, ან კიდევ პროცესებს საერთოდ სცილდება. რა არის ამის მიზეზი – ციხეში დემორალიზებას განიცდიან თუ ეს გამოწვეულია ძლიერი ზეწოლით?
ვერ გეტყვით სხვა პოლიტპატიმრების შესახებ. შესაძლებელია, რაც მათ ციხეში გადაიტანეს, ცოტათი განსხვავებული რამაა. მაგრამ საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა – გათავისუფლების შემდეგ არ განვიცდი ზეწოლას, იგივე შეიძლება ვთქვა პატიმრობის პერიოდზეც, ზოგიერთი სიტუაციის გამოკლებით. ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე ყოველდღიურად ხდებოდა რაიმე სახის ფიზიკური ანგარიშსწორება. პატიმრობაში ექვსი წელი გავატარე, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩემი განწყობა.
საქმე ის არის, რომ ციხეში გატარებული მრავალი წლის შემდეგ როცა გათავისუფლებენ, აღმოჩნდები ისეთ გარემოში, სადაც ძნელია ადაპტირება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია განათლების მიღების საკითხი. შედეგად, დასაქმება არის პრობლემატური. ვფიქრობ, თავად ხელისუფლება ქმნის ამ პირობებს – ვგულისხმობ ყველა საარსებო საშუალების ჩამორთმევას. ასეთი შეზღუდვები ახრჩობს ადამიანებს. ციხის შემდეგ პოლიტპატიმრებს ყველაფერი ბეზრდებათ. მე უკვე ერთი თვეა გამათავისუფლეს და ვგრძნობ, რომ მეც მეწყება მსგავსი სირთულეები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არ ვაპირებ ქვეყნის დატოვებას.
- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რა გეგმები გაქვთ ამ ბლოკადის პირობებში?
მე არ ვფიქრობ ქვეყნის დატოვებას, რადგან თუ შენთან არის ხანძარი, უნდა დარჩე და ებრძოლო მას. მე ვიცი, რომ ჩემთვის ამის შემდეგაც იქნება ძალიან რთული არამხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით… საუბარია პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანის მოგუდვაზე. მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ წესიერი განათლება, შესაბამისად, თქვენ ვერ იმუშავებთ. ვიცი, იქნება ძალიან რთული, მაგრამ მე არ ვგეგმავ გაქცევას.
- თქვენი, როგორც აქტივისტის გეგმები როგორია?
მე არ მომწონს ცხოვრება გეგმის მიხედვით, ანუ ჩემთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. არ მინდა შევზღუდო ჩემი მოქმედებები, თუ რას ვიზამ მომავალში. ვფიქრობ, ბრძოლას გავაგრძელებ.
- ლეილა და არიფ იუნუსები წიგნში აღწერენ პოლიტპატიმრების ფიზიკურ წამებას აზერბაიჯანულ ციხეებში. ისინი ამას აღწერენ როგორც ფაქტს. პირადად თქვენ გაწამებდნენ, ხართ თუ არა მოწმე, ან ხომ არ იცით, ახლა რა დონეზეა აზერბაიჯანულ ციხეში წამება?
აზერბაიჯანულ ციხეებში წამება საშინელებაა. 44-იანი წლების გერმანიაში ებრაელად ყოფნა აზერბაიჯანულ ციხეში პოლიტპატიმრობის ტოლფასია. მაგრამ არის ერთი მომენტიც – პატიმრებს, რომლებიც იმყოფებიან ევროკავშირის კონტროლის ქვეშ, ძალიან იშვიათად აწამებენ. პირადად მე, როდესაც ვიყავი კურდახანში [ციხე], ცდილობდნენ ფიზიკურად ვეწამებინე. ამის გაკეთებას ცდილობდა უმცროსი ოფიცერი, მაგრამ ადმინისტრაციის მეშვეობით მე დავადგინე, რომ ეს არ იყო დაგეგმილი წამება. ჩემს შემთხვევაში მათ დასაჯეს ის ადამიანი, რომელსაც ჩემთან ანგარიშსწორება უნდოდა.
- რა შეზღუდვები გქონდათ?
ციხეში მოქმედებს დაუწერელი კანონები, მაგალითად, არსებობს გარკვეული აკრძალვები პოლიტპატიმრებისთვის, მაგრამ მთლიანობაში, არავითარი დისკრიმინაცია არ არსებობს. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ვგრძნობდით, რომ მათ ჰქონდათ ბრძანება არ მოეკიდათ ხელი ზოგიერთი პირისთვის. გარკვეულ შემთხვევებში კი განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდნენ პოლიტპატიმრების მიმართ.
ერთ რამეს ვიტყვი, პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის ციხეში ხდება საშინელებები, უფრო უარესი, ვიდრე ფიზიკური წამება. მაგალითად, ციხეში, სადაც 1400 პატიმარი იყო მოთავსებული, არსებობდა გარკვეულ ადამიანებთან ჩაის დალევის აკრძალვა. თუ თქვენ დაარღვევდით ამ აკრძალვას, მკაცრად დაისჯებოდით. იმათი სასტიკად დასჯა, ვინც ჩვენ გვესალმებოდა, ჩვენთვის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უარესი იყო.