ახალი ამბებისაზოგადოება

კერძო ბაღი ბავშვს გარიცხვის გამო მორალური ზიანისთვის კომპენსაციას გადაუხდის – PHR

6 ივნისი, 2019 • 2931
კერძო ბაღი ბავშვს გარიცხვის გამო მორალური ზიანისთვის კომპენსაციას გადაუხდის  – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით,  თბილისის ერთ-ერთ ერთი კერძო ბაღი ბავშვს, რომელიც გარიცხეს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

კომპენსაციის ოდენობა 1250 ლარია.

ბავშვის ინტერესებს სასამართლოში სწორედ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტები იცავდნენ.  ორგანიზაციის ცნობით, დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებული დავა მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულა და 30 მაისს საქალაქო სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცა.

“ნ.კ. თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში 2 წლის ასაკის აღსაზრდელთა ჯგუფში ირიცხებოდა. 2018 წლის იანვრის თვეში ბაღის ადმინისტრაციამ ბავშვი დაწესებულებიდან გარიცხა.  მათი განმარტებით, ბავშვი იყო აგრესიული, ზედმეტად აქტიური და არ შეეძლო ჯგუფში მუშაობა. გარიცხვის დოკუმენტში აღინიშნა ისიც, რომ სხვა აღსაზრდელების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ნ.კ-ს ქმედებებთან დაკავშირებით”, – აცხადებს ორგანიზაცია. 

PHR-მა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

“ამასთან, საკითხის შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი ბაღის მხრიდან  ქცევის ნიშნით აღქმითი პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ბაღმა არ გადადგა სათანადო და აუცილებელი ნაბიჯები მის მიერვე დასახელებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის ნაცვლად, ბაღის ადმინისტრაციამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის გარიცხვის შესახებ, რაც გაუმართლებელია. ბავშვის ბაღიდან გაშვება ვერ იქნება მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესად, ვინაიდან გარიცხვამ შესაძლოა მძიმე ტრავმა მიაყენოს აღსაზრდელის ფსიქიკას”, – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომლის ინფორმაციითაც,  ბაღის ადმინისტრაციამ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დათანხმდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დისკრიმინაციის მსხვერპლი ბავშვისთვის ფულადი კომპენსაციის ნებაყოფლობით გადახდას, რის შედეგადაც მხარეებს შორის სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი