როგორც პროკურატურა აცხადებს, გრიფი საქმის მასალების უდიდეს ნაწილს, დაახლოებით 97 პროცენტს მოეხსნა და ამ მასალებს ადვოკატებს დღეს გადასცემენ. რაც შეეხება დარჩენილ 7 პროცენტს, პროკურატურის განმარტებით, ეს მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და გრიფი რჩება, თუმცა ადვოკატებს საშუალება ექნებათ, რომ მათ პროკურტაურის შენობაში გაეცნონ.
დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი იქნება ის, თუ რა ნაწილს მოეხსნა გრიფი და რა მასალებს გადასცემს მათ პროკურატურა. ეს 16:00 საათზე გაირკვევა, როდესაც ადვოკატები პროკურატურაში მივლენ.
აღნიშნული საქმის გამო დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი. პროკურატურის საგამოძიებო ქმედებები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, რის შემდეგაც იგი მინისტრობიდან დაითხოვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის საპასუხოდან თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. ასევე, კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციამ.





