ახალი ამბები

შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

25 ნოემბერი, 2014 • • 1185
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

შსს-ს ცნობით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან, აცხადებს შსს.

სამინისტრო გეგმავს, რომ კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის „ძალადობა დასჯადია“ სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში განთავსდეს. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე „112“, ან მიმართონ უბნის ინსპექტორს. მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება, აცხადებს შსს.

 

შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. 25.11.2014
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. 25.11.2014

ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად გადამზადებული უბნის ინსპექტორები კონფლიქტური ოჯახების პერიოდულ კონტროლს, ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ. ისინი, ასევე, საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს. შსს-ს თანამშრომლებს, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ.

შსს-ს განცხადებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. შეხვედრებს შსს-ს თანანმშრომლებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გამართავენ.

შსს გეგმავს, რომ კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, ოჯახში ძალადობის თემაზე გამოცხადდეს კონკურსები ჟურნალისტებისთვის – საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე და მოქალაქეებისთვის – საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე. კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და საჩუქრებით შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან.

კამპანიის ფარგლებში მოხდება კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერის, რომელიც „ბრავო რეკორდს“-ში ჩაიწერა,  და სიმღერაზე „არტ პალასის“ მიერ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა და მას ქართველი მომღერლები ასრულებენ.

შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. 25.11.2014
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. 25.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი