“ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, ამ ფენომენის უკიდურესად უარყოფითი შედეგების სრულფასოვანი გაცნობიერება და შემდგომ მის შესაჩერებლად ერთიანი ძალისხმევა, კოორდინირებული და დროული მოქმედება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქობულეთში, ლამბალოში, ზესტაფონში, დვაბზუში, თბილისში და კიდევ ბევრ ადგილას. ვერ შევძელით სტერეოტიპული აზროვნების რღვევა, გენდერული თანასწორობის სულისკვეთების ბუნებრივი პოზიტივების აღქმა, ამ სულისკვეთების გავრცელება და საზოგადოებაში მის დასამკვიდრებლად საერთო ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება”,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციაა, რადგან 2014 წელს პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში არ არსებობს ერთიანი ხედვა.
“სამწუხაროდ, ჩემს საგანგებო მიმართვაზე პარლამენტის მიმართ, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია ფემიციდი, მოეწვია მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები და გვემსჯელა მიზეზებზე, დასახულიყო მოქმედების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, გამოხმაურება დღემდე არ მიმიღია. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მთავრობა პრობლემის აღიარებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადავა, რაშიც დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება”.
ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მოძრაობა იწყება.
“ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა”,-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღეს აქცია საქართველოს მასშტაბით 23 ქალაქში გაიმართება.