ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გავაგრძელებთ ძალისხმევას აფხაზეთის მოსახლეობის ევროპული განვითარებისთვის

24 ნოემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: გავაგრძელებთ ძალისხმევას აფხაზეთის მოსახლეობის ევროპული განვითარებისთვის

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პრემიერის აზრით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.

 

“მოსკოვის ეს ნაბიჯი იდგმება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს, ხოლო საქართველოს მხრიდან გადაიდგა არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, იგი სრულად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებს, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს.

საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე.

დღეს, 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის პირველმა პირებმა სოჭში ხელი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი