პრეზიდენტის აზრით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში.
“ნათელია, რომ ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთი გააგრძელებს თავის ექსპანსიონისტურ და ანექსიონისტურ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამდენად, არაღიარების პოლიტიკა ანტიანექსიური პოლიტიკის კომპონენტებით უნდა შეივსოს”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვის მიზნით წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა, სადაც შემუშავდება როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა ამ ტიპის პრობლემების მიმართ, ისე კონკრეტული ზომები ევროპაში ახალი, არალეგიტიმური საზღვრების გავლების მცდელობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს პრეზიდენტი აზრით, უნდა მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭო, უთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნები აქტიურად უნდა გამოიყენონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის წარმოსაჩენად.
მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ფონზე უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების ახალი მექანიზმების ამოქმედება. ამ მიზნით პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, კვლევითმა ცენტრებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ თითოეული ფორუმი, თითოეული პლატფორმა და შესაძლებლობა ჩვენი საერთაშორისო აქტივობების მაქსიმალურად გასაშლელად, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდნეტს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში.
ამ საკითხებზე სასაუბროდ უახლოეს დღეებში პრეზიდენტი გეგმავს შეხვედრებს საპარლამენტო, არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მიმართავს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოში არსებულ ყველა რელიგიური კონფესიების ლიდერებს, რომ გამოიყენონ მათი ავტორიტეტი, რათა ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიომ არ დაუშვას მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია.





