აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და პასტერის ქუჩაზე დღის განმავლობაში შუქი რამდენჯერმე ჩაქრა. ქუჩებზე, რომლებიც სავაჭრო და კვებითი ობიექტებითაა დატვირთული, გენერატორი დაახლოებით 8-ჯერ ჩართეს, თუმცა არსებობს ისეთი ობიექტები, რომლებიც გენერატორს არ ფლობენ და, შესაბამისად, კლიენტებს კარგავენ. ერთ-ერთი მათგანია კვებითი ობიექტი “ტოპ ფრი”, მისი თანამშრომელი ნინო ალავიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ უშუშქობა ორ პრობლემას იწვევს – კარგავენ კლიენტებს და უფუჭდებათ საკვები.
“თელასის” ცხელ ხაზზე “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის რამდენჯერმე გათიშვა ქვესადგურის დაზიანებამ გამოიწვია.
“ფიდერს რთავენ და ითიშება, ინფორმაცია მოვიდა, რომ შესაძლოა მიწისქვეშა კაბელი დაზიანდეს, დაახლოებით სამი საათისთვის გვეცოდინება”,- გვითხრეს თელასში, საბოლოოდ კი ელექტროენერგიის სტაბილური აღდგენა 17:00 საათზე მოხერხდა.
24 ნოემბერს, 02:10 საათიდან 03:10 საათამდე, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყდა, რაც ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის თბოსადგურზე მომხდარ ავარიას უკავშირდება. უწყების ინფორმაციითვე, ავარიიდან 10 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო.
“ავარიიდან დაახლოებით 10 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დასავლეთ საქართველოს მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენ რეგიონებს ეტაპობრივად მიეწოდათ ელექტროენერგია. უკვე 4 საათისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიწოდებოდა ყველა მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით,”– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთელი ღამის განმავლობაში სადისპეტჩეროში იმყოფებოდა და ადგილზე მართავდა სიტუაციას, აკონტროლებდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესს.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია და მოგვიანებით დადგინდება.
ბოლო 5 თვის მანძილზე ეს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მეორე შემთხვევაა. 27 ივლისს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “იმერეთის” გამორთვის გამო საქართველოს დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იმ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ აჭარას მიეწოდებოდა, რომელიც ელექტროენერგიას “პალიასტომი 2”- ის გადამცემი ხაზიდან იღებს.

![უშუქო თბილისი გენერატორებით [Video] უშუქო თბილისი გენერატორებით [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000033636.jpg)



