ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დავითგარეჯი ორივე მხარემ მსოფლიო ტურიზმის ცენტრად უნდა აქციოს  – ხედვა აზერბაიჯანიდან

5 ივნისი, 2019 •
დავითგარეჯი ორივე მხარემ მსოფლიო ტურიზმის ცენტრად უნდა აქციოს  – ხედვა აზერბაიჯანიდან

ესაუბრა გიუნელ მევლუდი


ბოლო რამდენიმე კვირაა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის [აზერბაიჯანულად“ქეშიქჩიდაღის” ] გამო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სიტუაცია გამწვავდა. კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. წლებია აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია ტაძრის მოსალოცად ჩასული საქართველოს მოქალაქეების შეუზღუდავად გადაადგილებისთვის, თუმცა ბოლო კვირებში რატომღაც დაუწესეს შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს, რაზეც ქართულ მხარეს და საქართველოს მოქალაქეებს რეაქცია ჰქონდათ.

რა მოხდა რეალურად? რატომ დაიწყო აზერბაიჯანმა საკუთარი საზღვრების დაცვის მოულოდნელი გამკაცრება, მით უმეტეს, რომ ქართველ მრევლში იქამდე საფრთხეს ვერ ხედავდნენ? არიან თუ არა გარეული საქმეში სხვა ძალებიც? ჩვენს კითხვებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ნატიგ ჯაფარლი პასუხობს:

ბატონო ნატიგ, როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც ახლა რატომ დაიწყო დავითგარეჯის კომპლექსის ირგვლივ პრობლემის გამწვავება?

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ პერიოდულად წამოიჭრებოდა ხოლმე საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დროს. მაგრამ ორივე მხარის რეაქციები ასეთი მწვავე არასოდეს ყოფილა.

ქართული მხარე უფრო მეთოდურად წამოჭრიდა ხოლმე აღნიშნულ საკითხს. 2017 და 2018 წლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა ტაძრის საკითხთან დაკავშირებით. მიიწვიეს სპეციალისტები, სადაც ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ტაძარს რემონტი სჭირდება. ამ დროს ჩვენ, აზერბაიჯანული მხარე, ვერ ვამჩნევდით პრობლემას და არ გვიცდია, საკითხის ესკალაცია შეგვეჩერებინა. და აი, დღეს ეს თემა მწვავედ დადგა. სამწუხაროა რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის ვაჭრობის საგანი გახდა ტაძრის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს დაიკავოს ამ საკითხში უფრო ხისტი პოზიცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს სიტუაციის გაუმჯობესებას.

როგორია თავად აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხში, ძალაუფლების დემონსტრირება სურს ჩვენს ხელისუფლებას? თუ სხვა პრობლემებიც არსებობს ოფიციალურ თბილისთან, რომელიც უბრალოდ ამჟამად აისახა დავითგარეჯის კომპლექსის საკითხზე?

როგორც წესი, ოფიციალური ბაქო ყოველთვის გვიან რეაგირებს პრობლემებზე და ეს რეაქცია ყოველთვის მშრალი და არაპოპულარულია. თუმცა ამ საკითხში აზერბაიჯანს აქვს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, საკუთარი პოზიცია დაიცვას. ბაქოს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეეძლო ეს ტაძარი ისტორიულ მემკვიდრეობად გამოეცხადებინა, კეთილმოწყობითი სამუშაოები ჩაეტარებინა კომპლექსში და ქართველ კოლეგებთან ერთად ტურისტურლი “მექა” შეექმნა იქ. თუმცა ეს არ გაუკეთებიათ, აირჩიეს ძალიან უცნაური გზა და ამით სიტუაცია გაამწვავეს.

საქართველოს მოქალაქეების რეაქციებზე რას ფიქრობთ?

საქართველო ძალიან რელიგიური ქვეყანაა და ნაციონალობის გრძნობაც მაღალი აქვთ. სამწუხაროდ, ეს საკითხი ქართულ საზოგადოებას ემოციების გარეშე არ განუხილავს. ბევრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ცდილობს ამ საკითხზე ქულების ჩაწერას – რაც არარაციონალური და სახიფათოა. ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა განუმარტოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს მეზობელი ქვეყნის ოფიციალური ტერიტორიაა და თუ არსებობს პრობლემა, მაშინ ის მორალური და რელიგიური ფაქტორით უნდა გადაწყდეს. ეს უფრო ჰუმანური და ნაკლებად სახიფათო იქნება ორივე მხარისთვის.

როგორ მიიღო და როგორ აღიქვა აზერბაიჯანულმა მხარემ ქართული საზოგადოების განწყობა?

აზერბაიჯანულ საზოგადოებაშიც იყო ემოციური რეაქციები, მაგრამ მთლიანობაში მოქალაქეებმა თავშეკავება გამოიჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში პროვოკაცია მოაწყო. დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ და რატომ მოაწყო ეს პროვოკაცია ქალაქის ცენტრში.

რა თქმა უნდა, საკმაოდ ნეგატიური კომენტარები და პოსტები წავიკითხე დავითგარეჯის პრობლემაზე, მაგრამ საქმე აქციამდე ან მსვლელობამდე არ მისულა. შეიძლება იმიტომაც, რომ არც აზერბაიჯანულ პრესას გაუმწვავებია საკითხი.

ბატონო ნატიგ,  თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დავითგარეჯის ირგვლივ შექმნილი პრობლემა დარეგულირდეს?

საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოებია, შესაბამისად, ამ საკითხის განხილვის დროს ემოციებისგან უნდა დავიცალოთ და პრობლემა ერთობლივად გადავჭრათ. მაგალითად, ორივე ქვეყანას შეუძლია ეს ტაძარი ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადოს და ერთბლივად შექმნას მისი მართვის სტრუქტურა, ორივე მხარემ გამოყოს მის რემონტზე და რეკონსტრუქციაზე ფინანსები. გაამარტივონ  ორივე მხრიდან ტაძრის მონახულება და მსოფლიო ტურიზმის ბრენდად აქციონ – ეს შესაძლებელია!

როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის გამწვავება?

ბუნებრივია, როგორც ორივე ქვეყნის შიგნით არსებულ გარკვეულ ძალებს, ასევე რუსეთს არ სურს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ამ ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და არ მივცეთ მათ “სიხარულის” საბაბი, არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე. რუსეთს უამრავი უხილავი მექანიზმი გააჩნია, ორივე მხარეზე გავლენა მოახდინოს და სიტუაციის გამწვავებით ისარგებლოს.

ჩვენ ყველანი ველით, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებები ამ პრობლემიდან მშვიდობიან გამოსავალს მოძებნიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი