კამპანია პუნქტობრივად განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის შემოთავაზებული ვარიანტს უკან გადადგმულ ნაბიჯად და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობად, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ში კვლავაც რჩება ე.წ. გასაღები. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუდმივი მიერთების გაუქმება იყო რეფორმის მთავარი მიზანი, რომლის საჭიროებასაც ექსპერტთა ყველა დასკვნაში გაესვა ხაზი.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ხდება მიყურადების განმახორციელებელი ორგანო მაშინ, როდესაც მას მთელი პროცესის მონიტორინგი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა ევალება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი მოდელი. შემოთავაზებული სისტემა გამორიცხავს გარე კონტროლის შესაძლებლობას, რადგან პერსონალური გარე კონტროლის მექანიზმი (ინსპექტორი)შედის სისტემის შიგნით, რის გამოც სისტემა რჩება გარე კონტროლის გარეშე.
პროექტში არაფერია ნათქვამი ე.წ. შემოთავაზებული „ორი გასაღების“ გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოქმედებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე.
ე.წ. ორი გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა), ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს მიაქვს ყოველგვარი კონსტროლისა და ორი გასაღების გარეშე. შემოთავაზებული ვერსია ასევე გულისხმობს კანონის იმ მუხლების გაუარესებას, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა უკვე მიიღო. როგორც ჩანს, სამართალდამცავი უწყებები ამ შესაძლებლობას იყენებენ, რომ ა. წ. აგვისტოში მიღებულ კანონში მათთვის მისღები დებულებები შეიტანონ. ქვემოთ მოცემული პარაგრაფები სწორედ ძველი ვერსიის გამაუარესებულ ცვლილებებს ეხება.
შემოთავაზებული ვერსიით, საგამოძიებო ორგანომ არ უნდა გაანადგუროს პირადი მონაცემები, რომელიც არ ეხება გამოძიებას. მათ მხოლოდ მაკომპრომეტირებელი მასალა უნდა წაშალონ. გაურკვეველია, რა მიზნებით შეინახავს საგამოძიებო ორგანო სხვა პირად მონაცემებს, რომელიც გამოძიებას არ ეხება. ყოველივე ეს აგვისტოში მიღებული კანონის გაუარესებულ ვერსიას წარმოადგენს.
შემოთავაზებული ვერსიით, კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებებიდან ინფორმაციის ამოღებაზე აღარ ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების 1 აგვისტოს მიღებული სტანდარტები. საგამოძიებო ორგანოს ეძლევა უფლება, ამოიღოს ინფორმაცია კომპიუტერული სისტემიდან პირთა წრის, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების გარეშე.
შემოთავაზებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ. ოტო) უფლება აქვს, ჩაიწეროს ის კომუნიკაციაც, რომელიც გამოძიებასთან საერთოდ არ არის კავშირში, რის შემდეგაც საგამოძიებო ნაწილის დისკრეცია იქნება, შეინახოს თუ არა ეს მონაცემები სამომავლოდ. მოქმედი 1 აგვისტოს მიღებული ვერსიით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს არ უნდა ჩაეწერა ის კომუნიკაცია, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ ჰქონდა (ანუ არსებითად პირადი და ინტიმური შინაარსის).
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადო დაცვის ვალდებულებისაგან თავისუფლდება ჩანაწერის განმახორციელებელი (შსს-ს დეპარტამენტი ე.წ „ოტო“), მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით ჩანაწერის განმახორციელებელი პასუხისმგებელი იყო ჩანაწერების სათანადო წესით შესანხვასა და დაცვაზე.
როგორც ჩანს, შემოთავაზებული ვერსიით სახელმწიფო აღარ იღებს ვალდებულებას პროაქტიულად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნოს, რადგან სახელმწიფო საიდუმლოება ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (საიდუმლო ხდება ფარული საგამოძიემო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია). მაშინ, როდესაც 1 აგვისტოს მიღებული კანონით დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის რეესტრში ყოველწლიური გამოქვეყნების ვალდებულება”,– ნათქვამაი განცხადებაში.
პარლემენტში ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე ორი კანონპროექტს აქვს გავლილი რეგისტრაცია. ეკა ბესელიამ ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორეს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს.
პარალელურად არსებობს ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას გულისხმობს და მას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღებ შსს არ უნდა ფლობდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელის თანახმადაც, გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებოდა, 31 ოქტომბერს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება ე.წ. გასაღების ფლობის საკითხი.





