ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის პოზიცია დავითგარეჯას საკითხზე

4 ივნისი, 2019 •
ირაკლი კობახიძის პოზიცია დავითგარეჯას საკითხზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის აქტივობა დავითგარეჯასთან მიმართებაში კერძო აქტივობა იყო, რომელიც არ წაადგა საკითხის სწრაფად მოგვარებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია, დავითგარეჯას საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.

კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისათვის საფუძველი… ერთია საბაბი, მეორეა – საფუძველი. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარია კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის, ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის აქტივობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან იმავე ინტერვიუში კობახიძე მანამდე ამბობს, რომ ზოგადად, დემარკაცია-დელიმიტაცია არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, “ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება პრეზიდენტის მიერ. მთავარია, რომ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდეს ყველა შესაბამისი საკითხი“.

“ზოგადად დემარკაცია/დელიმიტაციის საკითხის ხაზგასმა [პრეზიდენტის მხრიდან] ვერ ჩაითვლება რაიმე პრობლემად, მთავარია, რომ ამას არ მოყვეს ხოლმე პროვოკაციული ნაბიჯები. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავანო კერძო ინიციატივებისა და იმრპოვიზაციებისგან. ეს არის  საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის კონსულტაციების საფუძველზე”, – ამბობს იმავე ინტერვიუში მანამდე ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტების კითხვაზე გულისხმობს თუ არა ის პრეზიდენტს ამაში, კობახიძე პასუხობს, რომ არა.

“მერე მოჰყვა გარკვეული ისეთი ნაბიჯები სხვადასხვა მხრიდან, რომააც განაპირობა ვითარების გამწვავება და ეს არის, სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული. ყველაფერი ქვეყნებს შორის ურთიერთობის დონეზე უნდა დარჩეს”, – აცხადებს კობახიძე.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან.

სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც, შესაძლოა, “რაღაც შედეგები გამოიწვია”.

დავითგარეჯის საკითხის დეტალურად გასაცნობად გირჩევთ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიას:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი